четверг, 7 мая 2009 г.

გ. შალამბერიძე

წამი ვარ ცხელი, როგორც ტყვია მიზანთან მდგარი,
ვარ უდაბნოში მდგარი სახლის ფანჯარა, კარი,
პაემანი ვარ არშემდგარი, მიჯნურთა ბაღის,
ვარ ერთი კოცნა, რომლის კოცნაც ნამდვილად არ ღირს.
ნანგრევები ვარ გალავანის, ურთიეთრგანცდის,
და ვარ ფარვანა, დრო სიცოცხლეს არაფრით მაცლის,
ვარ ხმელი პალმა წყურვილისგან დამშრალი ფესვით
მე ვარ სამიზნე, თქვენ რომელსაც ხალისით ესვრით.
ვარ წაგებული თამაშების აზარტის სენი,
მე შიმშილი ვარ, კეთროვანთა დედოფლის ძღვენი.
კამათელი ვარ არდამჯდარი სასურველ ციფრზე,
სიყვარული ვარ გაფატრული სიკვდილის პირზე.
იალქანი ვარ დაგლეჯილი კოხით და სეტყვით,
უცხო სიტყვა ვარ, რომელსაც თქვენ ვერასდროს გეტყვით,
ხის ხომალდი ვარ გაპობილი კლდეებთან შეხლით,
მუხა ვარ შვიდი, რვაასი წლის დამწვარი მეხით. 
ჰორიზონტი ვარ ვარსკვლავეთის, სამყაროს კიდის,
საფეხური ვარ დანგრეული სასახლის კიბის.
ლესვით დამდნარი ხანჯალი ვარ, ჩახმახი თოფის.
სიტყვის ბუდე ვარ დაზნექილი თაბახის ტოტის,
საწნახელი ვარ გაჟღენთილი ბადაგის წვენით,
გაბრუებული ჭადარი ვარ ქარიშხლის რწევით.
წამი ვარ წუთის, საათების, ეპოქის დამღა,
ენერგია ვარ, ოკეანე და სიტყვის დაღლა.

Комментариев нет: