вторник, 14 апреля 2009 г.

ოۥჰენრი

უკანასკნელი ფოთოლი

აგურის სამსართულიანი, ბრტყელი სახლის თავზე, სიუსა და ჯონსის სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი. ,,ჯონსი” ჯუანას შინაური სახელი იყო. ერთი კალიფორნიიდან გახლდათ, მერე კი - მეინიდან. ერთმანეთს მერვე ქუჩაზე შეხვდნენ - ტაბლტონში. აქ გამოირკვა რომ, ისინი სავსებით ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ხელოვნების საკითხებში; ორივეს მოსწონდა ვარდ-კაჭაჭის სალათი და ჩაცმულობის მხრივაც მათი გემოვნება ერთმანეთს ეხამებოდა, რის შედეგადაც გადაწყვიტეს მოეწყოთ ზიარი სახელოსნო.

ეს იყო მაისში. ნოემბერში, კოლონიას ცივი, უხილავი უცნობი ესტუმრა, რომელსაც ექიმები პნევმონიას ეძახდნენ. ეს ვაჟბატონი ხან ერთს, ხან მეორეს შეახებდა თავისი ყინულის თითებს. აღმოსავლეთ უბანში იგი უშიშრად დააბიჯებდა და ათასობით მისი მსხვერპლი ემშვიდობებოდა სიცოცხლეს, მაგრამ როგორც კი ფეხი შეადგა ვიწრო და ხავსმოდებული ,,გასასვლელების” ლაბირინთში ნაბიჯს მოუკლო.

ვერ ვიტყვით, რომ მისტერ პნევმონია დიდად ზრდილობიანი მოხუცი ჯენტლმენი გახლდათ. ჯონსი პატარა, სუსტი ქალია, კალიფორნიის ქარებისაგან ისედაც სისხლნაკლული. ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ამ წითელმუშტება ქოშინა ბებერს. იგი მოერია ჯონსის და ახალი ქალი თითქმის გაუნძრევლად იწვა შეღებილ რკინის საწოლზე. იწვა და ჰოლანდიურ პატარა სარკმლიდან გაჰყურებდა მეზობელი სახლის ყრუ კედელს.

ერთ დილას, შეწუხებულმა ექიმმა, აბურძგნილი, ჭაღარა წარბების მოძრაობით ანიშნა სიუს დერეფანში გამომყევითო.

- ათის წინააღმდეგ გადარჩენის ერთი შანსი აქვს, - თქვა მან და სიცხის საზომი დაბერტყა, - ეს არის სიცოცხლის სურვილი. ხალხი, რომელიც მეკუბოვეთა სასარგებლოდ მოქმედებს, მთელ ფარმაკოპეას უაზროს ხდის. თქვენმა პატარა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ აღარ მორჩება. რაზე ნაღვლობს, ხო მარ იცით?

- მას... ერთ დროს ნეაპოლის უბნის დახატვა სურდა, - სთქვა სიუმ.

- დახატვა? სისულელეა! ისეთი ხომ არაფერი უზის ჭკუაში, რას სერიოზულად დაფიქრებად მაინც ღირდეს... მაგალითად, ვინმე მამაკაცი?

- მამაკაცი? წარმოსთქვა სიუმ ლერწმის სალამურივით მკვეთრი ხმით. - მამაკაცი განა ღირს იმად რომ... არა ექიმო, ამის მსგავსი არაფერია.

- მაშინ სისუსტის ბრალი ყოფილა, - დაასკვნა ექიმმა, ყოველ ღონეს ვიხმარ, გადავარჩინო; გამოვიყენებ მთელ მეცნიერებას, რაზედაც კი მიმიწვდება ხელი; მაგრამ როდესაც პაციენტი თავისი სამგლოვიარო პროცესს ეტლების თვლას დაიწყებს, მაშინ ყოველგვარ წამალს განმკურნავი ძალა ორმოცდაათი პროცენტით კლებულობს. თუ აიძულებთ მას ერთხელ მაინც იკითხოს, როგორ მოსასხამებს ატარებენ ამ ზამთარს, მაშინ დაგპირდებით, რომ გვექნება გადარჩენის ერთი შანსი - ხუთის წინააღმდეგ. ნაცვლად ერთისა - ათის მიმართ.

ექიმის წასვლის შემდეგ სიუ სამუშაო ოთახში შებრუნდა. ტირილით გული მოიოხრა, ისე რომ მთლად დაასველა იაპონური ფარჩა, შემდეგ სახატავი დაფა აიღო და საცეკვაოდ მელოდიის სტვენით მხიარულად შევიდა ჯონისთან.

ჯონსი ძლივს მოჩანდა საბნის ქვეშ. თავი ფანჯრისკენ ქონდა მიბრუნებული. სიუმ იფიქრა - სძინავსო და სტვენა შეწყვიტა; დაფა დაამაგრა და ჟურნალისთვის პატარა მოთხრობის სურათის ხატვას შეუდგა. ახალგაზრდა მხატვრები იმ მოთხრობების დასურათებით იკაფავენ გზარ, რომელთაც დამწყები მწერლები ჟურნალისთვის წერენ, ლიტერატურაში საკუთარი გზის გასაკვლევად.

ჰოდა, როდესაც სიუ ხატავდა მოთხრობის გმირს, აიდაპოელ კავბოის მოხდენილი შარვლითა და მონოკლით, ჩუმი ჩურჩული მოესმა, რომელიც რამოდენიმეჯერ განმეორდა. იგი სასწრაფოდ მივიდა საწოლთან.

ჯონსის ფართოდ გაეღო თვალები. ფანჯარაში იყურებოდა და უთვლიდა... ითვლიდა უკუღმა.

__ თორმეტი, __ სთქვა მან, ცოტა მოგვიანებით კი __ თერთმეტი, ათი, ცხრა, __ შემდეგ, __ რვა და შვიდი, __ თითქმის ერთდროულად წამოიძახა.

შეშინებულმა სიუმ ფანჯარაში გაიხედა. რა იყო იქ დასათვლელი? მოჩანდა მხოლოდ შიშველი, მოწყენილი ეზო და ოციოდე ნაბიჯის იქეთ აგურის სახლის ბნელი კედელი. ძველი ბებერი, დაგრეხილი და ძირმომპალი უსურვაზი ნახევარ კედელს მოსდებოდა. შემოდგომის ცივ სუნთქვას იგი თითქმის სულ გაეძარცვა და გაშიშვლებული ტოტებით დამტვრეულ აგურებს ჩახვეული, ულაზათოდ აჩონჩხლილიყო.

__ რა მოხდა ძვიფასო? __ ჰკითხა სიუმ.

__ ექვსი, __ თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა ჯონსიმ, __ ეხლა უფრო სწაფად ცვივა. სამი დღის წინ თითქმისა ასი იყო. თავი მატკინა დათვლამ, ახლა ადვილია, აი, კიდევ ჩამოვარდა ერთი ხუთიღა დარჩა.

__ რა დარჩა ხუთი, ძვირფასო? მითხარი შენს სიუდის.

__ ფითლები, უსურვაზზე. როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მეც წავალ... სამი დღის წინ ვიცოდი. განა ექიმმა არ გითხრა?

__ ოჰ, ასეტი სისულელე ჯერ არ გამიგონია, __ უსაყვედურა სიუმ. __ რა კავშირი აქვს ამ ბებერი უსურვაზის ფოთლებს შენს ჯამრთელობასთან? შენ კი გიყვარდა ეს უსურვაზი, შე საძაგელო. სისულელებს თავი დაანებე, იცი, ექიმმა ამ დილით მითხრა, რომ გამოჯამრთელების ათი შანსსი აქვსო ერთის წიინააჭმდეგ! ჰო, ე სკი ცოტა ბულიონი შემვჭამე და მე ნება მომეცი ხატვა განვაგრძო. მალე დავამთავრებ, მივყიდე რედაქტორს და ჩემს პატარა ავადმყოფ ბავშვს პორტვეინს ვუყიდი, მე კი __ ლორის კატლეტებს დავჯერდები.

__ ღვინოს ნუღარ იყიდი, __ სთქვა ჯონსიმ, რომელიც თვალებოთ ისევ სარკმელს მიშტერებოდა, __ აი კიდევ ჩამოვარდა. არც ბულიონი მინდა... ოთხიღა დარჩა... სანამ დაბნელდება, უნდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი. შემდეგ მეც წავალ...

__ ჯონსი, ძვირფასო, __ თქვა სიუმ და მისკენ დაიხარა. __ მომეცი პირობა, რომ თვალს დახუჭავ და არ გაიხედავ ფანჯარაში, სანამ მუშაობას დავამთავრებდე. ხვალ უნდა ჩავბარარო ნატატი, სინათლე მჭირდება, თორემ ფარადს დავუშვებდი.

__ მეორე ოთახში ვე იმუშავებ? __ ცივად იკითხა ჯონსიმ.

__ აქ მინდა ვიყო, შენს, ახლოს __ უპასუხა სიუმ, __ გარდა ამისა, არ მინდა რომ დაჟინებით უყურებ უსურვაზს ამ სულელურ ფოთლებს.

__ როცა დაამთავრო, მ ითხარი, __ თქვა ჯონსიმ და თვალები მილულა. იწვა გაუნძრევლად, ისე თეთრად და ისე მშვიდად, რომ წაქცეული ქანდაკება გეგონებოდათ, __ უსათუოდ უნდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი. დავიღალე ლოდინით, ფიქრით. მინდა განთავისუფლდე, დავისვენო და მეც იმ საბრალო დაქანცული ფოთლების მსგავსად დავეშვა დაბლა.

__ იქნებ დაიძინო, __ უთხრა სიუმ, __ მე ბერმანს დაუძახებ. მადნის მაძიებელი_განდეგილი უნდა დავხატო და მოდელად მჭირდება. მალე დავბრუნდები, ნუ გაინძრევი ჩემს მოსვლამდე.

მოხუცი ბერმანი ცხოვრობდა მათ ქვემოთ, პირველ სართულზე. იგი მხატვარი იყო. სამოც წელს გადაცილებოდა. მიქელ ანჯოლოს მოსესავით ხუჭუჭა წვერი, სატირის თავიდან პატარა ეშმაკის ტანამდე ქონდა ჩამოგრძელებული. ბერმანი ხელოვნებაში უიღბლო აღმოჩნდა. ორმოცი წელი ხელთ ეპყრო ფუნჯი, მაგრამ ჯერ არც კი შეხებოდა თავისი ქაღალდის კაბის კალთას: ყოველთვის ოცნებობდა შედევრის შექმნაზე, მაგრამ ჯერ დაწყებულიც კი არ ქონდა. წლების მანძილზე არაფერი დაეხატა გარდა უხეირო სურათებისა, რომლებსაც კომერციული მოსაზრებით, ან რეკლამისათვის აკეთებდა ხოლმე დროდადრო. ახალგაზრდა მხატვრებს ბერმანს იყენებდნენ ცოცხალ ნიმუშად. ამით იგი ცოტაოდენ ფულს შოულობდა, სვამდა უზომოდ ბევრ ჯინს და მუდამ თავის მომავალ შედევრზე ლაპარაკობდა. ამასთან იგი ბრაზიანიც იყო და დაუნდობლად დასცინოდა ყოველგვარი დინაზის გამომჟღავნებას. მაგრამ ზემოსართულზე მცხოვრებ ორ მხატვარ ქალს დიდად მფარველობდა და მცველი ნაგაზივით დარაჯობდა.

ღვინის სასმელის სუნით გაჟღენთილი ბერმანი, სიუს ნაევრად განათებულ სენაკში დახვდა. ერთ კუთხეში მიყუდებული იყო ჩარჩოზე გადაკრული სუფრა ტილო, რომელიც ოცდახუტი წელი ელოდა შედევრის პირველ შტრიხებს.

სიუმ უამბო მოხუც ჯინსის ახირებული ფანტაზიის შესახებ, უთხრა რომ მას მართლა ეშინია არაფერი დაემართოს ფოთოლივით უსუსრ და მსუქან ქალს, და არ გაწყდეს სუსტი ძაფდი, რომელიც აკავშირებს მას სიცოცხლესთან.

მოხუცი ბერმანის დაწითლებულ თვალებს ცრემლი მოადგა, იგი აღრიალდა და გაბრაზდა ასეთი სულელური ახირების გამო.

__ როგორ! __ ყვიროდა იგი. __ ნუთუ აქ ქვეყნად იმდენად ბრიყვებიც არიან, რომლებსაც სიკვდილი გადაუწყვეტიათ იმის გამო, რომ წყეულ უსურვაზს ფოთლები სცვივა? გაუგონარი ამბავია. არა, არ დაგიდგებით გამოტვინებული განდეეგილის მოდელად. რატო მიეცით ნება ასეთი სისულელე მოსვლოდა თავში? ოჰ, საწყალი პატარა ჯონსი.

__ იგი ძალიან ავადაა, და დასუსტდა! __ სთქვა სიუმ, __ სიცხემ გონება აურია დ უცნაური აზრები მოსდის თავში. რა გაეწყობა, მისტერ ბერმენ, რადგან არ გსურთ მოდელად დამიდგეთ, არც არის საჭირო. მაგრამ მე მაინც ვფიწრობ, რომ თქვენს საშინელი და ყბედი მოხუცი ხართ.

__ ნამდვილი ქალი ხარ და სხვა არაფერი, __ დაღრიალა ბერმანმა. __ ვინ გითხრათ არ დავდგებიო? წავიდეთ, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. ნახევარი საათია ვცდილობ დაგიმტკიცოთ, რომ მზად ვარ წამოგყვეთ, ღმერთო! ასეთ სძაგელ ალაგს განა შეიძლება ავადმყოფობდეს მისს ჯონსის მსგავსი მშვენიერი არსება! როცა იქნება, დავხატავ შედევს დაყ ველა წავალთ აქიდან, ღმერთო! დიახ, წავალთ.

ჯონსის ეძინა, როცა ისინი ზევით ავიდნენ. სიუმ ფარად ჩამოუშვა და ბერმანს ანიშნა მეორე ოთახში გასულიყო. ფანჯარას მიუახლოვდნენ ორივემ შიშით შეავლო თვალი უსურვაზს. შემდეგ, დადუმებულები, წუთით ერთმანეთს შესქეროდნენ.

თოვლნარევი, ცივი წვიმა არ ქყდებოდა.

ძველ, ლურჯ ხალათაში გამოწყობილი ბერმანი განდეგილივით ჩამოჯდა გადმობრუნებულ ჩაიდანზე, რომელიც კლდის მაგივრობას ასრულებდა.

სიუს მხოლოდ გათენებისას ჩაეძინა ერთი სათით. როდესაც გაირვიძა, დაინახა რომ ჯონსის ფართოდ გაეღო თვალები და მოწყენილი მიშტერებოდა მწვანე ფარადს.

- ასწიე, უნდა გავიხედო! - ჩურჩულით უბრძანა მან.

სიუ უხალისოდ დაემორჩილა.

მაგრამ, დახეთ!

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა და მკაცი ქარისა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, აგურის კედელზე ახვეულ უსურვაზს ერთი ფოთოლი მაინც შერჩენოდა.

ეს იყო უკანასკნელი ფოთოლი. ყუნწთან ჯერ ისევ მწვანე, ნაპირებთან კი ოდნავ დამჭკნარი, ლპობაშეპარული, დაკბილული და გაყვითლებული, იგი მაინც ეკიდა მიწიდან ოციოდე ფუთის სიმაღლეზე.


- უკანასკნელია, - სთქვა ჯონსიმ. - მე მეგონა უსატუოდ ჩამოვარდებოდა ღამით. ქარის ქროლა მისმოდა. დღეს ჩამოვარდება - მეც მოვკვდები.

__ ძვირფასო, ძვირფასო, __ სთვა სიუმ და დაქანცული სახით ბალიშს დაემხო.

 ჩემზე მაინც იფიქრე, თუ საკუთარ თავს აღარ დაეძებ. რა უნდა ვქნა მე?


ჯონსიმ პასუხი არ გასცა. სული, რომელიც მზად არის შორეული და იდუმალი მგზავრობისათვის  ამ ქვეყნად ყველაფრისადმი განურჩეველი ხდება.

აკვიატებული აზრი თითქმის სულ უფრო და უფრო ეუფლებოდა მას და თანდათან აშორებდა ყველაფერს, რაც მეგობროასთან, ამ წუთისოფელთან აკავშირებდა.

დღე მიიწურა, დასის ბინდში კიდელთან მაინც ჩანდა ტოტზე უსურვაზის ერთადერთი მწვანე ფოთოლი.

დაღამდა და ჩრდილოეთის ქარმა კვლავ დაუბერა. წვიმა მთელი ღამე შხაპუნებდა ფანჯრებზე და წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა ჰოლანდიური ლავგარდანიდან.

როგორც კი ინათა, უმოწყალო ჯონსიმ კვლავ ბრძანა ფარად აეხსნათ.

უსურვაზის ფოთოლი ისევ იქ იყო. ჯონსი დიდხანს შეჰყურებდა მას. შემდეგ სიუს დაუძახა, რომელიც გაზის ქურაზე მისთვის ქათმის ბულიონს აცხელებდა.

- რა ცუდი გოგო ვყავი, სიუდი, - სთქვა ჯონსიმ. - რაღაც ძალამ შეაჩერა ფოთოლი, რომ ეჩვენებინა ჩემთვის, რა უგნური ვარ.

სიკვდილის ნატვრა თურმე ცოდვაა. ეხლა კი მომიტანე ცოტა ბულიონი, ცოტა რძეც პორტვეინით და...

მაგრამ არა, ჯერ სარკე მომეცი, ბალიშები შემომიწყე გარშემო. ცოტათი წამოვჯდები და გიყურებ როგორ მზარეულობ.


ერთი საათის შემდეგ მან თქვა:

- სიუდი, მე მაინც იმედი მაქვს ნეოპოლის უბეს დავხატავ ოდესმე.

ნაშუადრევს ექიმი მოვიდა. ექიმის წასვლის შემდეგ სიუმ რაღაც მოიმიზეზა და ერთი წუთით გარეთ გაჰყვა მას დერეფანში.

- შანსები გათანასწორდა, - უთხრა ექმიმმა და ხელი მოჰკიდა სიუს თხელ, მთრთოლვარე ხელს.  თუ კარგად მოვუვლით, თქვენ გაიმარჯვებთ. ეხლა მეორე ავადმყოფი უნდა ვინახულო ქვედა სართულზე, გვარად ბერმაინია, მგონი რაღაც ხელოვანი უნდა იყოს. ისევ პნევმონია. მოხუცი სუსუტი კაცია, შეტევები კი მწარე აქვს. იმედი არა მაქვს, რომ მორჩება. დღეს სავადმყოფოში დააწვენენ, იქ უკეთ მოუვლიან.

მეორე დღეს ექიმმა უთხრა სიუს:

- საშიში აღარაფერია, თქვენ გაიმარჯვეთ, ახლა კარგი კვების და მოვლის მეტი არა უნდა რა.

ნაშუადღევს სიუ მივიდა ჯონსის საწოლთან. იგი კმაყოფილი სახით ქსოვდა სრულიად გამოუსედაგარ ლურჯ თავშალს. სიუმ ხელი მოხვია ბალიშზე მიყრდნობილ ჯონსის.

რაღაც უნდა გითხრა, თეთრო თაგუნავ, - თქვა მან.

 მისტერ ბერმანი, დღეს, სავადმყოფოში გარდაიცვალა პნევმონიით. მხოლოდ ორი დღე იავადმყოფა. წინა დღეს დარაჯმა იპოვა იგი.

ოთახში ეგდო ძალ-ღონე გამოცლილი.

ტანსაცმელი მთლად სველი და ყინულივით ცივი ჰქონდა. ვერაფრით მიმხდარიყვნენ, სად იყო მოხუცი იმ საშინელ ღამეს.

შემდეგ კი უპოვიათ ჯერ კიდევ ანთებული სანათი, ადგილიდან გადადგმული კიბე, აქეთ-იქეთ გაფანტული რამდენიმე ფუნჯი და პალიტრა, ერთმანეთში შერეული მწვანე და ყვითელი საღებავებით, აბა გაიხედე სარკმელიდან, ძვირფასო;

შეხედე ურუვაზის უკანასკნელ ფოთოლს; არ გიკვირს რად არ შრიალებს, არ ირხევა იგი, როდესაც ქარი უბერავს;

ოო, ძვირაფსო, ეს ბერმანის შედევრია. იმ ღამეს დახატა, როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა.

.)

понедельник, 13 апреля 2009 г.

ნიკო სამადაშვილი

კარების გაჯახუნება


ჩემ საკუთარ ჩრდილს წამოვისხამ ზამთრის ღამეში,
გამოვალ გარეთ, მყინვარები ლოცვებს მომთხოვენ.
ქარი ამიხსნის: რომ ყვირიან აქ სამარეში,
გიჟი ღმერთები დასევიან საწყალ ბეთჰოვენს...

გაუხვევ სადღაც, ამერევა გზა და გონება.
გული გადმოღვრის თვალებიდან სისხლის სქელ ლავებს.
არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება,

და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ...

ფიქრად ქც-ეული...


შ(ორი) მე...

კონსტანტინე გამსახურდია

ს ა ა თ ე ბ ი


საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები,

საათები, 

ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!


ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში. 
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... 

აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.


საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე,რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. 

ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს. ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე...


 

მერაბ კოსტავა


თავისუფლება


საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია...

მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.

სარკმლის დამხანჯლავი სინათლე შთენილა მარტოოდენ ერთადერთი, ჩაუფერფლავ სურვილად. ცის ნაფლეთები მარადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხაურის ვიწრო სამზერებს. თვალბუდეები ძლივსღა ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ, უსასრულობის მირაჟივით დატყვევებულ თვალებს. შორს, კაბადონზე, იალქანივით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი. უცნაურად ენამჭევრობს იგი, როცა ფერმწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს. ნეტა თუ ფიქრობს, ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი. ამაოდ, რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული გასაოცარი სახე კალხასისა ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ ანაქრონიზმად, ბალღობისჟამინდელი „უმეცარი“ კაცობირობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური.

რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენ წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა თუ ნააზრევს, ადამიანებისამი მიმართებას, პირუთვნელობის იქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. 

დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავრდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.

მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოს იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გარდამოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი, და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა - ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმიდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა...

შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნობიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ვიმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება...

... IF ...

If you can keep your head when all about you
Are losing theirs and blaming it on you,
If you can trust yourself when all men doubt you
But make allowance for their doubting too... 

If you can wait and not be tired by waiting,
Or being lied about, don't deal in lies,
Or being hated, don't give way to hating,
And yet don't look too good, nor talk too wise...  

If you can dream - and not make dreams your master,
If you can think - and not make thoughts your aim;
If you can meet with Triumph and Disaster
And treat those two impostors just the same;  

If you can bear to hear the truth you've spoken
Twisted by knaves to make a trap for fools,
Or watch the things you gave your life to, broken,
And stoop and build 'em up with worn-out tools...  

If you can make one heap of all your winnings
And risk it all on one turn of pitch-and-toss,
And lose, and start again at your beginnings
And never breath a word about your loss;  

If you can force your heart and nerve and sinew
To serve your turn long after they are gone,
And so hold on when there is nothing in you
Except the Will which says to them: "Hold on!" 

If you can talk with crowds and keep your virtue,
Or walk with kings - nor lose the common touch,
If neither foes nor loving friends can hurt you;
If all men count with you, but none too much...  

If you can fill the unforgiving minute
With sixty seconds' worth of distance run,
Yours is the Earth and everything that's in it,
And which is more - you'll be a Man, my son!..  

 

By Radyard Kipling 

 

 * * * 

თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე,
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას, 
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე, 
როცა გარშემო მკვდარი არის შენდამი რწმენა;  

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს, 
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი, 
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე 
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი...  

თუ შეგიძლია, სულში მარად ოცნება რეკდეს, 
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად, 
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე 
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;  

თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი 
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად, 
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი 
რასაც შესწირე, და შენებას შეუდგე ახლად...  

თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად 
რაც გაგაჩნია, გიშოვია ოფლით და სისხლით, 
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად, 
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით...  

თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული, 
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ 
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს 
ნებისყოფაღა გეუბნება: "წინ-მეთქი, გასწი!"  

თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად, 
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი 
შენი ღირსება არ დაჰკარგო აროდეს არსად 
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი...  

თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი 
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი 
მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი 
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ!..  

 

თარგმანი მურმან ლებანიძისა 

თამრი ფხაკაძე

ცოდვილთა თავშესაფარი


დილით სანდრო ცოლის ფიქრებმა გამოაღვიძა. ეს რაღაც ახალი ნიჭი იყო. აქამდე მხოლოდ ხატვის აწუხებდა... და სიყვარულის.
“ვეღარ გიტან, სანდრი... _ ფიქრობდა ცოლი, _ ვეღარ გიტან. მ ე _ შ ე ნ! წარმოგიდგენია? ვეღარ ვიტან შენს ხმას... სხეულს... შენს ნახატებს... უტოპიებს... შენს უნაყოფო სექსს!.. შენ... შენ დედად ვერ მაქციე! შვილი ვერ ჩამისახე... არადა, ათი წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა! ა თ ი ს ! 
სანდრი! ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით, მაგრამ მინდა გიღალატო... ასე გადავწყვიტე. გადავწყვიტე ვინმესგან შვილი გავაჩინო. ეს ვინმე გოგაა... შენ არ იცნობ. 
Gგადავწყვიტე, ცხოვრება ტყუილში გავატარო. შენ გეგონება, რომ რაღაც ბედნიერი გამონაკლისი მოხდა, რომ შვილი მაჩუქე... მაგრამ ეს შენი შვილი არ იქნება. და შენი სიცოცხლეც გავა ტყუილში, სანდრი. ტყუილში! სამაგიეროდ გამოცდი მამობას. ტყუილის გარეშე ამას ვერასდროს იგრძნობ... 
გოგა არასდროს გაშორდება ცოლს. ბავშვს კი მამა უნდა ჰყავდეს. მეც მხოლოდ ამიტომ არ გაგეყრები! მხოლოდ ამიტომ აგიტან, სანდრი...
ამ ყველაფერზე შენ არასდროს გიფიქრია. შენ ხომ ნახატების მამა ხარ! ნახატების მშობელი! ჩემი არშემდგარი დედობის არაფერი გესმის. ეს მაცოფებს, სანდრი! ამან ყველაფერი გააფუჭა. აღარ მიყვარხარ. აღარ მაღელვებ. მეცოდები ცოტა და ეგაა. არადა, Mმიყვარდი...”
გარეთ წვიმდა. შრიალით. სურნელოვნად. მარტივად.
სიმარტოვე ჩაგუბდა ოთახში. სანდროს გასაკვირად იოლად გადასატანი, გულგრილი. უბრალოდ, თვალების გახელა და მისი დანახვა იყო გარდაუვალი. მეტი არაფერი. 
თვალები ნელა გაახილა. ცოლს შეხედა. ღალატში თითქოს ამოვლებულს, ღალატით თითქოს უკვე განაყოფიერებულს. სხვისას. 
ქალს გაუჭირდა მზერაში მოწოლილი აღსარების რამე სხვად გარდაქმნა. შეთხზული ჩვეულებრივობით ჰკითხა:
_ ყავა მოგიტანო?
სანდროს არაფერი უპასუხია. გულთამხილავობის ბავშვობიდან ნანატრმა ნიჭმა ერთბაშად დაამხო მისი ბედნიერების ციხე-კოშკები.
სხვა ცხოვრებაში იყო უკვე. ფეხს იდგამდა ახალი ადამიანი. სადღაც დარჩა მთელი წინა სიცოცხლე. 
კართან მისულმა ერთხელ კიდევ მოხედა ქალს, რომელიც ათი წლის წინ გიჟურად შეიყვარა, რომელიც ხატა მძინარე, მღვიძარე, დაღლილი, დასვენებული, ჩაცმული, შიშველი, ვარდისფერი, ცისფერი, მთვარისფერი... რომელიც ტილოებზე აქცია სევდად, ვნებად, ოცნებად, გამოუთქმელ განწყობილებებად...
_ მართალი ხარ, _ თქვა ბოლოს.
_ რაში... _ შეუცნობელი მხილება იგრძნო ქალმა. 
_ ყველაფერში. 
_ მე...
_ არ იდარდო. მამა მაინც ეყოლება. მთავარი მამა, ხომ იცი, სადაა... _ თავი ზემოთ აიქნია, _ უმამო არავინაა.
_ სანდ...
კარი გაიხურა და კიბეზე დაეშვა. გარეთ შეეგება ჟინჟღლიანი თავისუფლება, ოთხივ მხრით სავალი გზა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე. 
მარკეტში შეუხვია.
_ მრგვალი თუ თორნის? _ ჰკითხა ქალმა, რომელთანაც ყოველ დილით რიტუალურად ყიდულობდა პურს არსობისა.
_ სიგარეტი, _ უპასუხა კუშტად.
_ თქვენ... ეწევით? _ დუნედ გაიოცა იმან.
_ დღეიდან.
_ მე, პირიქით, დღეიდან დავანებე, _ თქვა ქალმა და მერე ფიქრად განაგრძო _ “ოღონდ დამეწყოს, ოღონდ დამეწყოს და მთელი ცხოვრება არ მოვწევ! ბავშვის ხსენება და კობას წასვლა ერთი იქნება”...
_ ჰმ! _ ჩაიცინა სანდრომ, _ ვის რა ანგრევს...
_ ბატონო? _ გაუკვირდა ქალს.
_ მისია?
_ რა...
_ ბავშვი მისია? კობასია? 
_ დი... დიახ...
_ თუ მისია და მაინც მიდის, კარგი ნაძირალა ყოფილა.
მერე გარეთ გავიდა და გაოცების მეცხრე თვეში დატოვა ქალი. 
წინ იყო დამამშვიდებელი ა-რა-ფე-რი და არ-სა-ით Dდა ახალი ნიჭი. სანდრომ თავისი სიცოცხლის პირველი, უვიცი ნაფაზი დაარტყა და ამ ყველაფერში შევიდა.
სხვათა ფიქრებით მოკირწყლული გზა არსაით გადადიოდა დღეებზე და წლებზე, ჩრდილებზე და მზეებზე, ნაღვლიან გაოცებებზე, იმედგაცრუებებზე და იშვიათ აღტაცებებზე. 
მიუყვებოდა და გზადაგზა კარგავდა სახელს, მოგონებებს, საკუთარ ნაფეხურებს...
ყველაფერი იყო. ჩრდილოეთი და სამხრეთი, უდაბნო და ოკეანე, მონსტრები და მონასტრები, ღამეული კოშმარები, შარაგზის და ოთახის ყაჩაღები, ყვავებივით მოყრანტალე ცრუ წინასწარმეტყველები, შეყვარებული გიჟები, ცოცხლებს შერეული, შეუმჩნევლად აღმდგარი მკვდრები, ფიქრებამღვრეული წმინდანები და თვითგასამართლებით დატანჯული, გასათნოებული მკვლელები, ფრთამოტეხილი ფერიები, იალქნებდაგლეჯილი, დამსხვრეული თავგადასავალთა მაძიებლები...
ცოდვილთა დიდი თავშესაფარი იყო, რომლისთვისაც შეგეძლო თავზეც გადაგეფრინა და ხოხვითაც გერტყა წრეები; რომელსაც ხან სიცრუის ნისლები ფარავდა, ხან ამპარტავნების ქარიშხლები ანგრევდა, ხან სინანულის წვიმები ნამავდა, ხან განწმენდის წამიერი ნათელი ასხივებდა...
შეგეძლო გეხატა დიდი ტილოები და ფრესკები, გეწერა ტრილოგიები და მატიანეები, შეგეთხზა სიმფონიები და საგალობლები... ყველაფერი მაინც ზღვაში წვეთი იქნებოდა. დარჩებოდი ვერმთქმელად მაინც...
შეგეძლო სადმე, მინდორში ამოსულიყავი ყვავილად, გეცქირა სადად მზისთვის... მაინც მერე ან გაგსრესდა ჩექმა, ან, უბრალოდ, შეხმებოდი ღეროზე და მტვრად მოგფანტავდა ქარი... ვერსად გაექცეოდი ყვავილის ბედს.
შეგეძლო ყოფილიყავი გამოქვაბულში დაყუდებული მართალი, გარიდებული სიცრუეს და ტკივილს... მაინც მერე დაგამძიმებდა მობარებული აღსარებები და გაქცევდა მტირალ ლოდად...
შეგეძლო ყოფილიყავი ძლევამოსილი დროშებით ტახტის ამღები თვით სამართალი... მერე მაინც ნელა, ნელა გამოხრავდა ნიადაგს შენი ტახტის ქვეშ უსამართლობა, ღალატი. სიცრუის ჭრელი გველები შემოგისრიალდებოდნენ ყოველი მხრიდან და დაგიწყებდნენ სისინს ახალ სიმართლეზე, დაგშხამავდნენ იმ ახალი სიმართლით, მოგიწამლავდნენ სისხლს და გაგიყენებდნენ შორ გზას, რომელზეც მეფენი იქცევიან მწირებად და მასხარებად...
ჰო! შეგეძლო ყოფილიყავი მასხარაც! გეცინა ყველაფერზე და საკუთარ თავზე, გევლო ხელებით და ტაში დაგეკრა ფეხებით, პეპლების საჭერით გეჭირა ბოროტება და სიცილის ცრემლებით გეტირა... ბოლოს მაინც სევდა აგატირებდა და ნიღაბს უკან დაემალებოდი ახორხოცებულ ბრბოს...
შეგეძლო ყოფილიყავი ოქროს და ვერცხლის მონეტებით ჩამოსხმული კეთილი ქანდაკება, გევლო და გევლო და გეფრქვია წყალობა და კარს მომდგარი ყველა უპოვარიც შეგეშვა შენი სულის მოოქრულ სასახლეებში და გებნია მუჭობით და ტომრობით თვალი პატიოსანი... ბოლოს მაინც გაიშვერდი თვითონ ხელს და ითხოვდი ნუგეშის და უანგარო სიყვარულის გროშებს...
საინტერესო იყო. ცოდვილთა თავშესაფარში ყველაფერი ძველებურად რჩებოდა. სოდომ-გომორებიც ხურდა ბილწი ვნებით, გოდოლიც ყაყანებდა, ახალი იაკობები ეჭიდებოდნენ ღმერთს, ქვრივებიც ბოლო გროშებს სწირავდნენ უფალს...
პირველსავე ნისლიან საღამოს, პირველსავე ხიდზე ცალფეხა მათხოვრის ფიქრებს უსმინა.
“გადავვარდები და დავისვენებ, მაგის... _ ფიქრობდა ნისლში გამლღვარი, გაცრეცილი ლანდი. სველ მოაჯირს გადამხობილი, წერასატანილად გაბედული, _ არააა, თევზებო? ჯიგრებო?!..
არადა, ამდენი ხურდა არასდროს მომიგროვებია, მაგის... სამი მუჭი იქნება. მეტი! წავსულიყავი, ცხელი მეჭამა რამე. არაყიც ზედ. ამოიყრება, წავა ფსკერზე...
თევზებოოოოოოო! 
ფულები გინდათ, ჯიგრებო? რაში გინდათ, რა! არ გკიდიათ?!
ბედნიერებოო!!
ამ კასტილს რა ვუყო კიდე! დავტოვო თუ ამიანა... ფუი! იქაც ამით რო ისა! 
ოეეეეეეე!!!!!! კალმახებო-ორაგულებო-ზვიგენებოოო!!! კასტილიანა დამხრჩვალი გინახავთ, ჯიგრებოოო?!
ჩემ ადგილზე ეგრევე ქოსა დადგება! ისე მოსწონს, გეგონება ისა...
დადგეს, რა! მაგის მერე სხვა დადგება. იმის მერეც. მათხოვარი არ დაილევა. არც უნდა დაილიოს! ღმერთმა ეგრე დააწესა. მათხოვარი რომ არ იყოს, ღმერთი სხვებს როგორ გამოცდის? ვინ კეთილია, ვინ _ ისა...
გაიგეთ, ჯიგრებო? საჭირო ხალხი რო ვართ, გაიგეეეთ?!
ღმერთმა იცის კიდე, რომელი მეტი მათხოვარია! 
მე რო იმათ კაპიკებს ვთხოვ ხელგაშვერილი, რა, ისინი არაფერს მთხოვენ?! Mმთხოვენ რომელია! ეგენი მთხოვენ, თუ მთხოვენ... ცოდვების პატიებას! კეთილი კაცის სახელს! სამოთხეს! სასუფეველს ხუთ თეთრში!
მე რატო მთხოვენ, ჯიგრებო? 
სსსსსსსსსსს! ხმა! 
ცოტათი ღმერთი ვარ და იმიტომ!
ღმერთმა არ თქვა, მათხოვარს ვინც წყალობას აძლევს, მე მაძლევსო? მერე?! რა გამოდის?! ტვინები გაანძრიეთ, თქვენი!..
მაგრამ დავიღალე... კაცობითაც და ღმერთობითაც... აღარ მინდა!
გაააადმოვეშვა ახლა! თხლააააშ! დაგიხეთქოთ გულები!
მათხოვრები თქვენც გყავთ? თევზი მათხოვრები...
ეს რას დამდგარა, ნეტა! გეგონება, მისმენს, მაგის...
ჩემი მთელი ოქრო-ვერცხლი ხო არ დავუტოვო? სიფათზე ეტყობა, არ ულხინს... ვუანდერძო სამი მუჭა ხურდა, მაგის...”
_ არ მინდა შენი ოქრო-ვერცხლი, _ სანდრო ნელა მიუახლოვდა, _ არ მინდა შენი სამი მუჭა ხურდა. შენი ფიქრები მეტი ღირს. კარგად ფიქრობ. რატომ უნდა მოკვდე... იფიქრე ჯერ ეგეთები...
_ შენ რა, ღმერთი ხარ?.. გადაცმული? _ მოაჯირს ხერხემლით აეკრა ცალფეხა. 
_ მე რა ღმერთი ვარ... ახლა არ ფიქრობდი, მე ვარ ცოტათი ღმერთიო? მე უბრალოდ... ეეეჰ! ეგ გრძელი ამბავია... წადი რა, ცხელი რამე ჭამე კუთხეში... არაყიც ზედ! ცხოვრებაზე იფიქრე... 
_ ღმერთი... _ დაიჩურჩულა ცალფეხამ. უკან-უკან დაიხია, ბინდს შეერია. მერე ჰყვებოდა ოხშივრიან სარდაფებშიც, აქოთებულ მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, ყველგან, _ ღმერთი გამომეცხადა ხიდზე, თავი არ მომაკვლევინა, მითხრა, წადი, არაყი დალიე კუთხეშიო... უსმენდნენ, იცინოდნენ, ხარხარებდნენ, კიდევ აყოლებდნენ. 
საინტერესო ტანჯვა იყო. სანდრო ფიქრების გაუვალ ტყეებში და უსასრულო ტრამალებზე მოგზაურობდა, ფიქრების ზღვებზე ცურავდა, ფიქრების კრატერებში და ჯურღმულებში იჩეხებოდა, ფიქრების მწვერვალებს დაჰფრენდა თავს...
პირველსავე გამზირზე რევოლუციის ეიფორიაში აღმოჩნდა. 
როგორც ნაფოტი, ისე გაიტაცა ნიაღვრებად დადენილმა ხალხმა. ადიდებული მდინარე დემოსი დამანგრეველ სტიქიად ქცეულიყო, შეუფერხებლად არღვევდა გზადაგზა ჯებირებად აღმართულ პოლიციელთა კორდონებს, ბარიკადებად ჩახერგილ მანქანებს, თანდათან ღონივრდებოდა ყოველი მხრიდან მოერთებული შენაკადებით, გუგუნით მიიწევდა წინ, წინ, სანამ გამომწვევად დიდ მოედანზე არ ჩაიღვარა და წამებში არ დატბორა იგი. 
იქ, სახელდახელო ტრიბუნაზე, მიკროფონი ღაღადებდა. მდინარე ნდობის და იმედის გატრუნულ ზღვად იქცა...
მრავალი ათასი ერთნაირად აღფრთოვანებული, ერთნაირად მინდობილი, დაუეჭვებელი ფიქრი გადაედო. თავი რაღაც დიადი, ბრწყინვალე ერთობის ნაწილად იგრძნო. ღრმად, ღრმად შეცურა სამართლიანობის ქარიშხლებით ნაკვებ ტალღებში, თვითონაც ერთ მართალ, კრიალა ჭავლად იქცა და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა საკუთარ თავს, როცა ამ ერთგვაროვან რწევაში რაღაცას ისე შეეჯახა, როგორც კლდოვან კუნძულს, ალესილ რიფს.
ეს იმ კაცის ფიქრი იყო, ოდნავ განზე მდგომის, თვალებიდან შეკავებულ ცრემლს რომ ასხივებდა.
“ტყუილია! მორიგი ტყუილია! საბრალო ჩემო ხალხო, ჩემო ჭრელო და ახლა ერთფერო... ჩემო ბრძენო და ახლა ბრიყვო... კიდევ რამდენჯერ უნდა წაგლეკოს ცრუმესიათა სიცრუემ! კიდევ რამდენჯერ უნდა იქცე ხან დამარცხებული გამარჯვებულების, ხან გამარჯვებული დამარცხებულების არმიად! საბრალო ჩემო ქალაქო! კიდევ რამდენჯერ უნდა დაგტბოროს სიყალბემ!..”
სანდრომ თვალი თვალში გაუყარა კაცს და მიახალა:
_ ხალხი არასდროს არაა ბრიყვი! სიჭრელესაც მაშინ კარგავს, მაშინ ხდება ერთფერი, როცა საჭიროა! არმიადაც საკუთარი ნებით იქცევა!
კაცს ოდნავ გაეღიმა.
_ ასეთი ჯაშუშების მომზადებაც დაიწყეს უკვე?
_ ჯაშუში არ ვარ. უბრალოდ, სხვისი ფიქრები მესმის...
_ თანაგიგრძნობთ, _ თქვა კაცმა.
_ აქ ყველა ერთ ფიქრს ფიქრობს ახლა. სიმფონიასავით შერწყმულად. ეს დიდი სილამაზეა, _ სანდრომ ხალხს გადახედა.
_ მაშინ ორკესტრს თავი დაანებეთ და დირიჟორის ფიქრებს მოუსმინეთ! _ კაცმა ტრიბუნისკენ გაიქნია თავი, საიდანაც, როგორც მდინარე ზღვაში, ისე ჩაედინებოდა სიტყვათა ნიაღვარი იმედიანად ჩაყუჩებულ, თვალებანთებულ ხალხში. 
სანდრო უხმოდ გაეცალა კაცს. ტრიბუნისკენ გაიკვლია გზა. სულ ახლოს, სულ ორ ნაბიჯში დაუდგა ორატორს, რომელმაც პირველივე პაუზისას გაიფიქრა: “მორჩა რა! მგონი, ეყოფათ!” და იქვე მდგომ თანამეტრიბუნეს გადახედა. თვალებით გაისაუბრეს. იმან შეკავებული ხარხარი ოდნავ ღიმილში ჩატია და თავისთვის გაიფიქრა: “საკაიფოდ დააბოლა! კლასიკურად! რა ცხვარია მაინც ხალხი! რა ცხვარია, ჩემი... სიტყვა მოარგე და მზადაა, რა!” “აბა, რას იტყვი, ვის მისცემენ ხმას?!” _ განაგრძო პირველმა, მეორეს კი უცებ რაღაც ქვემძრომი გაეკლაკნა მზერაში და გაიფიქრა: “ჯერ მიდი, იქაქანე, ჯერ მჭირდები!” 
სანდრომ სიტყვა ითხოვა. საზარელი საიდუმლო ერთიანად აცახცახებდა. 
ახედ-დახედეს, ვერ შეიცნეს, იჭოჭმანეს, წაითათბირეს და მიკროფონთან მიუშვეს. 
ღელავდა. თვალწინ ადამიანების ოკეანე გადაეშალა. მარტივ და საშიშ ერთგულებაში გაყუჩებული, ფხიზელი, გაფაციცებული მოლოდინით გატრუნული. ყოველგვარი უცხო სხეულის დაუნდობლად შთასანთქავად მზა. 
სანდრომ მოსხლეტით ამცნო:
_ ტყუილია! ეს ყველაფერი ტყუილია! _ და მღელვარებისგან შეკრული სუნთქვა ოდნავ დაიოკა. 
ოკეანე წამით სულ გაუძრავდა, გაირინდა და მერე მყისვე აიშალა.
_ გაათრიეთ!
_ ვინ ოხერია! 
_ მოგზავნილია ვიღაც!
_ გახიეთ ცემაში!
_ პროვოკატორი!
სანდრომ ხმას აუწია:
_ დამიჯერეთ, ხალხო! მე ფიქრები მესმის! ამათი ფიქრები გავიგონე! დამიჯერეთ!
ლიდერი ორატორი შემწყნარებლურად იღიმებოდა. 
_ ამან... აი ამან, _ ხელი მისკენ გაიშვირა სანდრომ, _ მორჩა, ეყოფათო, ასე გაიფიქრა! თქვენზე, ხალხო! ისედაც ჩვენ მოგვცემენ ხმასო!.. და აი ამან... ამან...
_ რაო, მე რაღა გავიფიქრე, დიდო მისანო! გვაუწყე! _ სიტუაციას სხვა გეზი მისცა მეორემ, აჯამბაზდა.
_ შენ, შენ გაიფიქრე, რომ ცხვარია ხალხი! რომ გასაღები უნდა მოარგო და მორჩა! წაიყვან საითაც გინდა! რაო? არა? ასე არ იფიქრე?! მე ფიქრები მესმის! ეს ჩემი უბედურებაა! 
ლიდერ-ორატორმა მსუბუქად, სანდროსგან ვითომ ფარულად დაიტრიალა საფეთქელთან საჩვენებელი თითი და გაიღიმა. გაიღიმეს ირგვლივაც. მერე ვიღაცამ გაიცინა. ჯერ კანტიკუნტად აჰყვნენ. მერე აგორდა სიცილი, ოკეანე ათახთახდა, დაუნდობლად, გამწირავად.
“სიტყვასიტყვით ეგრე იყო, _ ფიქრობდა შეშფოთებული, ნაძალადევად მოღიმარი ორივე ლიდერი, _ ვინაა, საიდან გამოტყვრა!”
შეუმჩნევლად მოვიდა სასწრაფო და გაფითრებული სანდრო ფსიქიატრიულში გააქანა.
იქ გავიდა სავსე მთვარეებით განათებული თვეები. 
კედლებზე კაცობრიობის გარდასულ გმირთა ლანდები დაბორიალობდნენ, ღამეულ სიჩუმეში შორეული ჩურჩული, ბუტბუტი და ცრემლიანი კვნესა მოჟონავდა... ზოგჯერ კი მაკარონის სუპების და მტკივნეული სიზმრების მწკლარტე ანაორთქლით სავსე დერეფნებს განწირული, ველური ღრიალიც გადასერავდა ხოლმე, შეშინებულ, დაფეთებულ პალატებში ნაწილდებოდა და რჩებოდა იქ საწოლების ქვეშ, ბალიშებში, ღამის სიბნელეში მოელვარე, დაჭყეტილ თვალებში...
ფიქრები იქაც იყო. 
“მე ვარ ფლეიტა! მე ვარ ლა-ლა-ლააააა... დაუკარით ჩემზე...”
“იმას მოვკლავ! ღღღღღღ! იმასაც მოვკლავ! იმასაც! ღღღღღღღ! ეს ვინაა! ამასაც!”
“თუ შეიძლება, ყველამ ნეფერტიტი მიწოდეთ! ოღონდ არ მომეკაროთ! არ მომეკაროს არავინ! არ მომეკაროს არავინ!”
“მომიტანენ ვალს, გავისტუმრებ პენსიას! სინუსპენსია, კოსინუსპენსია, ტანგენსპენსია, კოტან... მომიტანეთ, შვილო, ვალი! გავისტუმრო პენსია!”
“ჰე მამულო! ოდეს გიმზერ! ოდენ გიმღერ! მონა შენი... შენ როსღა აყვავ... აყვავ... აყ... აყ...”
“დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ...”
ერთხელ ლიდერთაგან ის, მზერაში ქვემძრომგაკლაკნილი, ესტუმრა პალატაში, თანამშრომლობა შესთავაზა, დიდი ფული. რა აღარ. სულ ამაოდ.
მერე კი ერთ დღეს სანდრომ წარმოუდგენლად მიუწვდომელი და ამოუცნობი ფიქრი გაუხმოვანა მკურნალ ექიმს. მანაც, შეძრულმა და დარცხვენილმა, დაუყოვნებლად ცნო ტელეპათიის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად, გარეთ გაუშვა და შეატოვა დიდ კითხვის ნიშანს, _ სადაა ჭეშმარიტი საგიჟეთი...
სანდრომ თავისუფალი, ყოვლად ადეკვატური ნაფაზი დაარტყა და ქუჩას გაუყვა. 
საზღვარგარეთ გადაკარგვა მოუვიდა აზრად. სადმე იქ, სადაც უცხო ენას ვერაფერს გაუგებდა. ვერც იმ ენაზე ნაფიქრს. აიტაცა ამ აზრმა. ანუგეშა. 
პირველსავე რაღაც ფირმაში, საიდანაც ხავსსჩაჭიდებულ ადამიანებს საზღვარგარეთ გზავნიდნენ სამუშაოდ, კინაღამ კაცი მოკლა...
ის კაცი ხან “სირტაკივით” რიტმულად სხეპდა დაპირებებს, ხან შტრაუსის ვალსივით თავბრუდამხვევად, ხან ბრაზილიურ “სამბასავით” ეგზოტიკურად... ხან ინგლისური ღირსეულობით, ხან გერმანული სიზუსტით, ხან ფრანგული მომხიბვლელობით... იმის მიხედვით, ვის სად უშვებდა.
საბუთებს, პასპორტებს, სისხლის ბოლო წვეთივით გაღებულ დოლარებს კონვერტებში დებდა, უჯრაში ალაგებდა და მშვიდად იღიმებოდა. უფრო _ ქალებისთვის.
_კომპიუტერს ფლობთ? _ ეკითხებოდა, _ რომელ უცხო ენას? ექთანი ხართ? დიდებულია. ძიძად? კი ბატონო! რასაკვირველია! მზარეულად... მმმმ... მზარეულად ცოტაQ ჭირს, მაგრამ მე დიდი ნაცნობობა მაქვს. რამეს მოვახერხებთ. აჰა, აჰა, დიახ, ბარში დაუკრავთ ჯაზს, აჰა, პიანინოზე. გასაგებია. მშვენიერია. 
“შენ რა საძიძო ხარ, ოქრო! _ გაიფიქრა მერე ზეთოვანად, _ ნახე, რა ძუძუები გაზის! ერთ-ორ თვეში შენგან პუტანკას დააყენებენ, იმის დედა... სტამბოლიდან ტრაპიზონამდე დაგიდგეს რიგი! შენც, ოქრო! ექთნობა არა, ჩემი ისა! სტრიპტიზისთვის ხარ გაჩენილი, შენი! მაგ კოხტა უკანალს რო მიგაშვერინებენ ბარში, გაგიჟებული კაცებისთვის, შავ ტანგაში გამოდებულს, მერე გაიხსენე შენი ექთნობა! მაყუთი რო წამოვა კოკისპირული! მაგ უკანალის მაგარი იმედი მაქვს, ოქრო! დაიცა შენ!.. 
იქამდე ჩაგათრიოთ და მერე სდიეთ პასპორტებს! ბორდელებში სხვა პასპორტები დაგჭირდებათ, კუკლებო! ის პასპორტები გქონდეთ წესრიგში და...”
სანდრო შეშლილივით წამოიჭრა და ეგრევე ყელში სწვდა.
_ ნაბიჭვარო! შე ნაბიჭვარო! _ ხრიალებდა და თავს მაგიდაზე არახუნებინებდა კაცს, _ შენს ცოლს აცეკვე სტრიპტიზი! ცოლს ააშვერინე უკანალი, შე ნაგავო!! შენი დედა...
15 წუთის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში საგანგებოდ გამოყვანილი ჯიშის ჯეელები ზუსტ წერტილებში უბაგუნებდნენ.
მერე ოცკაციან საკანში გაატარა უმზეო, უმთვარეო და კიდევ უბევრრაღაცო წლები...
ფიქრების მეტი რა იყო! 
“აქედან გავიდე, მაგას მოუ... მაგას? მაგის სისხლს დავლევ!.. მოვკლავ მაგ, მაგ...”
“ქალლი! ქალი მინდა! ლამაზი. მახინჯი, ზანგი, კოპლებიანი, სულერთია! ქალი იყოს, მაგის... ქალლლიიუუუუუააააუუუუხხხხ!”
“გავალ, ეგრევე სოფელში ავალ... დავეგდები მდინარის პირას... ეგრე ვეგდები! სამი დღე! ერთი კვირა! ჩიტები იჭიკჭიკებენ. ცა იქნება. რამე...”
“ასი წელი არ ვაღიარებ! ვერც მიაგნებენ ასი წელი! მე ვიცი, რა და როგორ... მე ვიცი, დანა რა რბილად წავიდა... მე ვიცი, ბოლოს როგორ შემხედა...”
ფიქრების ფოსტალიონობა რომ დაეწყო, ფული შეეძლო ეშოვა. დიდი ფული, მაგრამ მხოლოდ დიდი სევდა იშოვა.
ცდილობდა, დაეგმანა ყველა ნასვრეტი, საიდანაც მის თავის ქალაში სხვათა ფიქრები ნემსებივით ჩხვლეტია ქარებად იჭრებოდა. ცდილობდა, მდუმარე მარტოობა მოეპოვებინა. ამდენი ფიქრის ალყაში თვითონ ვეღარ ფიქრობდა. მსმენელად იქცა.
ფიქრის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც ოცკაციანი საკანი თანდათან დაცარიელდა, რაც თანდათან იკლო ოფლის, საპირფარეშოს სუნმა, ხვრინვამ, “ბალანდის” გულისამრევმა ოხშივარმა, გინებამ, ყაყანმა.
სათითაოდ გადააბარგეს სადღაც. რემონტი იწყებოდა. 
სანდრო თითქოს მიავიწყდათ. ისიც მარტოობას მინებდა, მოეშვა.
გისოსიან სარკმელში ცის ნაგლეჯი მოჩანდა. იქ ფილმი გადიოდა. დაუსრულებელი სერიალი, სახელად “რაც იყო”... ფილმს ხან წვიმის ვერცხლისფერი ფარდები ედებოდა ფონად, ხან თოვლის ჩუმი სტუმრობა, ხან ვარსკვლავთცვენა, ხან ქარის სიგიჟე, ხან მზის ცხელი ალერსი.
გარეთ ხან მოშიმშილეთა, ხან დამშეულთა აქციები აწყდებოდა გაუმტარობას, როგორც ბუზი მინას, _ ჰაერის შეუვალ ფენას... გარეთ ხან ამა სოფლის მაძღარნი ქადაგებდნენ მსუქან მოძღვრებებს სისადავის სიკეთეებზე... ხან მექორწილეები ჩაიპიპინპიპინებდნენ, ჩქარები, მოუთმენლები... ხან უცებ სიკვდილი ჩამოივლიდა, მიასვენებდნენ ვინმეს, მიაცილებდნენ დროის ნაგლეჯს მარადისობაში...
გარეთ დრო გადიოდა. 
სანდრო ფიქრობდა, რომ ციხე გარეთაა. რომ გარეთ ყველა დროის პატიმარია. სიცოცხლეები საათის ისრებს დაჰყვება. გარეთ ხან ადრეა, ხან გვიან. ხან უკანმოუხედავად გაურბიხარ დროს, ხან ის გაგირბის, გათამაშებს... 
გარეთ დრო ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ყოვლისშემძლე ნათლია. მისია ვენდეტაც და ომერტაც. ჟამია ხან რის, ხან რის...
სანდრო ფიქრობდა, რომ დაღალა მაჯაზე ცქერამ. აბა, რა არის მაჯაზე ცქერა? _ “სიყვარულს აკლია 15 წუთი!” “სიკვდილის 10 წუთია...” “ბედნიერების ნახევარია...” “ზუსტი იმედგაცრუებაა...”
ფიქრობდა, რომ დიდი დრო გაატარა დროში. რომ უდროობის დროა უკვე.
ზოგჯერ ფრენდა. უფრო მაშინ, როცა გაზაფხულის მალემსრბოლი ქარები დაქროდნენ გარეთ და რაღაცას, ძალიან ამაღელვებელს იუწყებოდნენ... როცა ნათელჩამდგარი ღრუბლები დიდ მდინარეებზე დაძრული ყინულებივით მიცურავდნენ, მათ ზევით კი ლურჯად გუბდებოდა მარადისობის სივრცეები და სიღრმეები... ვისთვის _ ზეციური სასუფეველი, ვისთვის _ კოსმოსი, სინათლის წლები, ვისთვის _ ღმერთი...
ღმერთობა მოუნდებოდა ხოლმე. ამდენი ფიქრის მცოდნე გულთამხილავად მიიჩნევდა ხოლმე თავს. ბევრი რამ იცოდა. მეტისმეტად ბევრი. 
იცოდა, რა იმალებოდა შეუვალი, ცივი მზერების და მოზომილად გამოცრილი ხმების უკან. იცოდა, როგორ ეხვეოდა სიცრუე სიმართლის შარავანდედში, როგორ იძერწებოდა სიბრიყვისგან სიბრძნე, როგორ თამაშობდა სიკვდილი უკვდავებას და ეშმაკი _ ღმერთობას...
ადამიანურ გრძნობათა სალაროდან ნდობა სასაცილოდ ზედმეტ განძად ეჩვენა. უნდობლობის ამარა დარჩა. 
მოსწონდა ხანდახან ღმერთობა. ცურავდა და ფრენდა სადღაც, ყოვლისმცოდნეობის მზეებში, კარგავდა სხეულს, დაჰყვებოდა უკვდავება, თავისუფლება, სიბრძნე. 
ზემოდან მოჩანდა ღრმა, ჩასაფლობი ნისლები და გულისამაჩუყებლად ცოდვილი დედამიწის სიგლუვე. 
იქ დარჩენილიყო მობეზრებული და ნანატრი წვიმები, უბიწო და შერყვნილი თოვლები, ნაცნობი და უცნობი ქარები, განცდილი და განუცდელი სიყვარულები და სიძულვილები...
ზემოდან მოჩანდა ისიც _ სამშობლო. წყლის და ხმელეთის უსასრულობაში ჩაკარგული პატარა, აკვიატებული წყალი და ხმელეთი... ის ჩაძირულიყო მწიფე ყანების, მთვრალი ვენახების, მსუყე საძოვრების მკვრივ სურნელში, კრისტალებივით ნაკვეთი კლდეების და ხუჭუჭა მთების ჩრდილებში, მდინარეების, ტბების და ზღვის უძირობაში... საკუთარ ერთადერთობასა და განუმეორებლობაში. 
ხალხი იყო. ხან ჭრელი, ხან ერთფერი. ხან დამაქცევარის, ხანაც ასწლეულებში ერთი მესიის მშობელი, ხან დიდგულა, ხან დიდსულოვანი, ხან ჯვარზე გამკვრელი, ხან გარდამომხსნელი. ერთად _ ხალხი. ცალ-ცალკე _ ადამიანები. მათი ფიქრები ნისლად ადგა თავს ბებერ მიწას...
ღმერთობა ადვილი არ იყო. იღლებოდა სანდრო ღმერთობით. არც მოთმინება ჰყოფნიდა, არც სიყვარული, რისხვა და მიტევება... ადამიანობას ნატრობდა, არცოდნის და მინდობის სიმშვიდეს.
ერთ ჟანგისფერ საღამოს ციხის კედლებით ალყაშემოვლებულ ეზოში ასეთ ფიქრს გადააწყდა: “არაფერი შემეშალოს! გავიმეორო... ოთხ საათზე დაცვა შეიცვლება, ხუთის ათ წუთზე ნიშანს მომცემენ, ხუთის თხუთმეტზე სამრეცხაოში გამიყვანენ. ხუთის ნახევარზე მანქანა დადგება. უკანა კარს გავაღებ და...”
_ მეც შენთან ერთად წამოვალ, _ უთხრა სანდრომ, _ აქ ვეღარ დავრჩები. გარეთ მინდა.
_ სად წამოხვალ, ტოო?!.. _ თავი მოისულელა იმან.
მაშინ სანდრომ სიტყვასიტყვით გაუმეორა, ოთხზე რომ დაცვა შეიცვლება, ხუთის ათ წუთზე რომ ნიშანს მისცემენ, ხუთის თხუთმეტზე რომ სამრეცხაოში გაი...
_ არ გამთქვა! _ შეევედრა ის, _ ბაზარი არაა, ერთად მოვხიოთ! მაგრამ... ვინ ხარ, ტოო? 
_ არავინ, _ თქვა სანდრომ.
ყველაფერი გეგმის მიხედვით აეწყო. 
გარეთ გაზაფხულის გუბეები იდგა, შიგ ჩანდა გაგლეჯილი ღრუბლებიდან თავდაღწეული სილურჯე და თავისუფლების ქარს შორეული ატმის ყვავილები მოჰქონდა...
პირველსავე მოსახვევში სანდრომ მეძავი შეიყვარა...
ქალს უმოკლესი ჟოლოსფერი ქვედაკაბა და შავი ქურთუკი ეცვა. თმა კეფაზე აეკრა და შიგ ქარსმოყოლილი ატმის ყვავილი გაებნია. თვალებში მეძავური სევდა და გულგრილობა ედგა. ჟოლოსფრად შეღებილ თხელ ტუჩებს კი ამოუცნობი ღიმილი უმშვენებდა. რომელიღაც დავიწყებული ზღაპრის გმირს ჰგავდა...
_ რატომ იღიმები... _ ჰკითხა სანდრომ, რადგან ქალის ფიქრი აფრენას აგვიანებდა.
_ ისე მიყურებ, თითქოს ნახატი ვიყო გალერეაში, შედევრი რაღაც, _ თქვა იმან და უცებ მოიწყინა, გასაცოდავდა.
_ ხარ კიდეც, _ თქვა სანდრომ. 
ერთმანეთს ისე უყურებდნენ თვალებში, თითქოს რაღაც ენით უთქმელი, მისტიკური აღმოაჩინეს. 
_ შენ რა, არ ფიქრობ? _ ჰკითხა ბოლოს კაცმა. ქალის ფიქრების შეუღწეველმა იდუმალებამ გული აუჩუყა, სიმშვიდით აავსო. მოეჩვენა, რომ ის დაიბრუნა _ მარტივი ადამიანური ბედნიერება! ნეტარი უმეცრება! 
ქალი უხმოდ გაუყვა ქუჩას. სანდრო მოჯადოებული ჩრდილივით მიჰყვა. 
არ უწყოდა, რას ფიქრობდა ეს დაცემული ანგელოზი და არც სურდა სცოდნოდა! მსუბუქი და ბედნიერი მიაბიჯებდა ახლად ქცეულ რაღაც ძველში.
მერე ქალს დაეწია. უცნაური მადლიერება ცრემლად ებჯინებოდა ყელში. 
_ გინდა, გინდა, ერთად ვიცოცხლოთ? _ ეუბნებოდა გზადაგზა, _ ერთად დავბერდეთ, ერთად მოვკვდეთ... სიკვდილის მერეც გვიყვარდეს ერთმანეთი... მითხარი, გინდა? ოღონდ... ოღონდ ასეთი იყავი. კარგი? ასეთივე. სულ. ფიქრებს ნუ წამაკითხებ! ფიქრებს ნუ წამაკითხებ... აღარ მინდა. ძალიან დავიღალე...
მიდიოდნენ. 

ქუჩა მინდორმა შეცვალა, მინდორი _ რბილმა, სურნელოვანმა მიწამ... მიწა _ ქათქათა ღრუბლებმა, საღამო _ დილამ... გაზაფხული _ ზაფხულმა... წელიწადი _ მეორემ, სიცოცხლე _ სიკვდილმა, სიკვდილი _ სიცოცხლემ...


.

სურვილების ყულაბა

სახლი მინდოდა მქონოდა უბრალო, ხის და ისლის.

სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი.

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს,ცამდე ავწევდი ზვარებს 
და ავაგებდი სამრეკლოს,ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი - მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს - ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემ ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი,კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი...

გიორგი შალამბერიძე

მუხრან მაჭავარიანი


მე მიყვარს ♥

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, 
იმ დროს, 
როდესაც 
დედაქალაქს 
დაიპყრობს ძილი... 
მიყვარს, 
მიყვარს 
და... 
არ ვიცი რატომ! 
(მიზეზის პოვნას 
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). 

დავდივარ. 
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... 
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. 
და... 
ვიცი: 
ვივლი, 
ვივლი, 
ვივლი, 
ვივლი 
და... 
ბოლოს 
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. 

აუცილებლად, 
უსათუოდ 
მოხდება ასე! 
მაგრამ მე მაინც 
გმადლობ, დედა, 
დედაო, გმადლობ! 
ვხედავ ქვეყანას — 
სინათლით სავსეს... 
დავდივარ, 
ვღელავ, 
მიყვარს, 
მაწვიმს, 
ვიცინი, 
მათოვს... 

✿✿✿ 

1955წ 
  

მაია სარიშვილი

ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია,
როგორც შეშლილთა ლექსი.
მე კი ღიმილი, როგორც ნატკენი ფრთა,
ძირს მეთრევა და უხერხულია.
ვერ ავიკეცე. ვერ ვიმაგრებ.
ჩემს ღიმილზე ებიჯება სუყველას ფეხი -
ხალხმრავლობაში უარესია.
თურმე თავსხმაა.
ავიხედე - წვეთები გვანან პაწაწინა მეგაფონებს,
რომელთაც დავსდევ და სათითაოდ
ყოველ მათგანს ვუკითხავ ლექსებს.
ეს სიგიჟეა. ერთი წვეთიც არ დამრჩენია.
თან მახსენდება ბლანტი სცენა
სავსე დარბაზში,
სადაც ავედი ზუსტად ისევე სულელურად,
როგორც ოდესღაც ბავშვობისას,
როდესაც დედა მიკვდებოდა
და მაგიდაზე შევდექი შიშით,
რომ ახლოდან გაეგონა ღმერთს ჩემი ლოცვა...