четверг, 7 мая 2009 г.

ზვიად რატიანი

ჯიბის ჰაერი

რა უცნაური სევდა იცის იქ, დარბაზებში,

სადაც დასრიალებენ საამაყო ოჯახისშვილები
და კვეთენ ჰაერს სუფთად გაპარსული, თეთრი ნიკაპებით.
ერთ თარგზეა ჩამოჭრილი მათი ყოველი ნაბიჯის სიგრძე,
ზუსტ სასწორზეა აწონილი მათი სიტყვები. ისინი 
ასახელებენ აწმყოს. ისინი, 
ამაყად ამხედრებულები თავ-თავიანთ გრძნეულ ჩრდილებზე, 
ისე მსუბუქად დასრიალებენ, თითქოს შიგანი, თითქოს მთელი კანისქვეშეთი
დილის ცვრიანი ბალახებით ქონდეთ სავსე. და დაე, დაე
მათ ასახელონ თავიანთი ოჯახები, სამშობლო და კონტინენტი, პლანეტა და გალაქტიკა 
და კიდევ, თუ ჰყავთ, თავისი მკვდრებიც. შენ კი,
მათი ტრაექტორიებით აბურდულ ჰაერში, როგორც თევზი - ბადეში, გახვეული,
იყავი მოწყნილი, იყავი გაღიზიანებული, იყავი
ლუკმა პურისა და ყლუპი ლექსის მაძებარი
და გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს
ვერგამოკვებილი ცოლშვილის, ვერდაწერილი ლექსების, ვერგაპარსული პირის
და იმისიც,
რომ გსურს გაექცე მათ დარბაზებს და ვერ გარბიხარ,
და ისე მძიმდები, თითქოს ერთადერთი, რაც შენშია, რაც კანქვეშაა, 
არის შუშის ნამსხვრევები. და დაე, დაე
მათ სულში ჩიტების ჭიკჭიკი სუფევდეს, ხოლო შენში
ღამის კატები გაბმულად კიოდნენ, მატარებლები გრუხუნებდნენ,
გარდაცვლილი ახლობლები ახველებდნენ. და დაე, დაე
მათ ისრიალონ დარბაზებში, შენ კი ამრთელე
მათი ბასრი ნიკაპებით დაფლეთილი გულგრილი ჰაერი,
ამოკერე, ამობლანდე შენი ლექსებით -
რომ ყელში არ გაგეჩხიროს, რომ არ დაგახრჩოს,
და მოთმინებით უცადე დღეს,
როცა ისინი, საამაყო ოჯახისშვილები, საგვარეულო პროპელერებს დააგრუხუნებენ
ან საჰაერო ბურთებივით გაბერავენ ნაირფერ გულებს
და ყველას თვალწინ, ყველას გასაკვირად, აფარფატდებიან ზემოთ, ღრუბლებისკენ
და როგორც ზედმეტ სიმძიმეებს, გადმოყრიან თავ-თავიანთ ჯიბის ოჯახებს, 
ჯიბის სამშობლოებს, კონტინენტებს, პლანეტებს,
რომლებიც უკვე ასახელეს,
და განიბნევიან უსახელო გალაქტიკებში -
სასახელო საქმეებისთვის... შენ კი,
გვიანობამდე ბნელ ქუჩებში ნახეტიალებს, 
სახლში დაბრუნებულს, 
საწერ მაგიდასთან მოკალათებულს,
დაგეწერება უჩვეულოდ ამაღლებული, სათუთი ლექსები,
რომლებშიც გამოაწყობ ცოლსა და შვილებს, 
მოხუც მშობლებს, უცხოეთიდან სამუდამოდ დაბრუნებულ პატარა და-ძმებს,
ბერად აღკვეცილ მეგობრებს და ჟურნალებიდან ამოჭრილ კოლეგებს,
და იამაყებენ ისინიც შენით, 
და არცერთი არ გაგრძნობინებს,
რომ შეუნიშნავთ, როგორ მიდიხარ ფანჯარასთან დროდადრო შიშით
და თვალს აპარებ ვარსკვლავებით ნაჭედი ცისკენ,
რათა დარწმუნდე, რომ იქ ყველაფერი თავის ადგილზეა.

Комментариев нет: