четверг, 7 мая 2009 г.

რატი ამაღლობელი

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა?- არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან
დღეებს, რომლებიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი- ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ზანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სამი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ 
საიდუმლოში წვა მინდა.
ყველა ვარსვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვალავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა,ო-მინდა
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

Комментариев нет: