понедельник, 13 апреля 2009 г.

თამრი ფხაკაძე

ცოდვილთა თავშესაფარი


დილით სანდრო ცოლის ფიქრებმა გამოაღვიძა. ეს რაღაც ახალი ნიჭი იყო. აქამდე მხოლოდ ხატვის აწუხებდა... და სიყვარულის.
“ვეღარ გიტან, სანდრი... _ ფიქრობდა ცოლი, _ ვეღარ გიტან. მ ე _ შ ე ნ! წარმოგიდგენია? ვეღარ ვიტან შენს ხმას... სხეულს... შენს ნახატებს... უტოპიებს... შენს უნაყოფო სექსს!.. შენ... შენ დედად ვერ მაქციე! შვილი ვერ ჩამისახე... არადა, ათი წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა! ა თ ი ს ! 
სანდრი! ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით, მაგრამ მინდა გიღალატო... ასე გადავწყვიტე. გადავწყვიტე ვინმესგან შვილი გავაჩინო. ეს ვინმე გოგაა... შენ არ იცნობ. 
Gგადავწყვიტე, ცხოვრება ტყუილში გავატარო. შენ გეგონება, რომ რაღაც ბედნიერი გამონაკლისი მოხდა, რომ შვილი მაჩუქე... მაგრამ ეს შენი შვილი არ იქნება. და შენი სიცოცხლეც გავა ტყუილში, სანდრი. ტყუილში! სამაგიეროდ გამოცდი მამობას. ტყუილის გარეშე ამას ვერასდროს იგრძნობ... 
გოგა არასდროს გაშორდება ცოლს. ბავშვს კი მამა უნდა ჰყავდეს. მეც მხოლოდ ამიტომ არ გაგეყრები! მხოლოდ ამიტომ აგიტან, სანდრი...
ამ ყველაფერზე შენ არასდროს გიფიქრია. შენ ხომ ნახატების მამა ხარ! ნახატების მშობელი! ჩემი არშემდგარი დედობის არაფერი გესმის. ეს მაცოფებს, სანდრი! ამან ყველაფერი გააფუჭა. აღარ მიყვარხარ. აღარ მაღელვებ. მეცოდები ცოტა და ეგაა. არადა, Mმიყვარდი...”
გარეთ წვიმდა. შრიალით. სურნელოვნად. მარტივად.
სიმარტოვე ჩაგუბდა ოთახში. სანდროს გასაკვირად იოლად გადასატანი, გულგრილი. უბრალოდ, თვალების გახელა და მისი დანახვა იყო გარდაუვალი. მეტი არაფერი. 
თვალები ნელა გაახილა. ცოლს შეხედა. ღალატში თითქოს ამოვლებულს, ღალატით თითქოს უკვე განაყოფიერებულს. სხვისას. 
ქალს გაუჭირდა მზერაში მოწოლილი აღსარების რამე სხვად გარდაქმნა. შეთხზული ჩვეულებრივობით ჰკითხა:
_ ყავა მოგიტანო?
სანდროს არაფერი უპასუხია. გულთამხილავობის ბავშვობიდან ნანატრმა ნიჭმა ერთბაშად დაამხო მისი ბედნიერების ციხე-კოშკები.
სხვა ცხოვრებაში იყო უკვე. ფეხს იდგამდა ახალი ადამიანი. სადღაც დარჩა მთელი წინა სიცოცხლე. 
კართან მისულმა ერთხელ კიდევ მოხედა ქალს, რომელიც ათი წლის წინ გიჟურად შეიყვარა, რომელიც ხატა მძინარე, მღვიძარე, დაღლილი, დასვენებული, ჩაცმული, შიშველი, ვარდისფერი, ცისფერი, მთვარისფერი... რომელიც ტილოებზე აქცია სევდად, ვნებად, ოცნებად, გამოუთქმელ განწყობილებებად...
_ მართალი ხარ, _ თქვა ბოლოს.
_ რაში... _ შეუცნობელი მხილება იგრძნო ქალმა. 
_ ყველაფერში. 
_ მე...
_ არ იდარდო. მამა მაინც ეყოლება. მთავარი მამა, ხომ იცი, სადაა... _ თავი ზემოთ აიქნია, _ უმამო არავინაა.
_ სანდ...
კარი გაიხურა და კიბეზე დაეშვა. გარეთ შეეგება ჟინჟღლიანი თავისუფლება, ოთხივ მხრით სავალი გზა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე. 
მარკეტში შეუხვია.
_ მრგვალი თუ თორნის? _ ჰკითხა ქალმა, რომელთანაც ყოველ დილით რიტუალურად ყიდულობდა პურს არსობისა.
_ სიგარეტი, _ უპასუხა კუშტად.
_ თქვენ... ეწევით? _ დუნედ გაიოცა იმან.
_ დღეიდან.
_ მე, პირიქით, დღეიდან დავანებე, _ თქვა ქალმა და მერე ფიქრად განაგრძო _ “ოღონდ დამეწყოს, ოღონდ დამეწყოს და მთელი ცხოვრება არ მოვწევ! ბავშვის ხსენება და კობას წასვლა ერთი იქნება”...
_ ჰმ! _ ჩაიცინა სანდრომ, _ ვის რა ანგრევს...
_ ბატონო? _ გაუკვირდა ქალს.
_ მისია?
_ რა...
_ ბავშვი მისია? კობასია? 
_ დი... დიახ...
_ თუ მისია და მაინც მიდის, კარგი ნაძირალა ყოფილა.
მერე გარეთ გავიდა და გაოცების მეცხრე თვეში დატოვა ქალი. 
წინ იყო დამამშვიდებელი ა-რა-ფე-რი და არ-სა-ით Dდა ახალი ნიჭი. სანდრომ თავისი სიცოცხლის პირველი, უვიცი ნაფაზი დაარტყა და ამ ყველაფერში შევიდა.
სხვათა ფიქრებით მოკირწყლული გზა არსაით გადადიოდა დღეებზე და წლებზე, ჩრდილებზე და მზეებზე, ნაღვლიან გაოცებებზე, იმედგაცრუებებზე და იშვიათ აღტაცებებზე. 
მიუყვებოდა და გზადაგზა კარგავდა სახელს, მოგონებებს, საკუთარ ნაფეხურებს...
ყველაფერი იყო. ჩრდილოეთი და სამხრეთი, უდაბნო და ოკეანე, მონსტრები და მონასტრები, ღამეული კოშმარები, შარაგზის და ოთახის ყაჩაღები, ყვავებივით მოყრანტალე ცრუ წინასწარმეტყველები, შეყვარებული გიჟები, ცოცხლებს შერეული, შეუმჩნევლად აღმდგარი მკვდრები, ფიქრებამღვრეული წმინდანები და თვითგასამართლებით დატანჯული, გასათნოებული მკვლელები, ფრთამოტეხილი ფერიები, იალქნებდაგლეჯილი, დამსხვრეული თავგადასავალთა მაძიებლები...
ცოდვილთა დიდი თავშესაფარი იყო, რომლისთვისაც შეგეძლო თავზეც გადაგეფრინა და ხოხვითაც გერტყა წრეები; რომელსაც ხან სიცრუის ნისლები ფარავდა, ხან ამპარტავნების ქარიშხლები ანგრევდა, ხან სინანულის წვიმები ნამავდა, ხან განწმენდის წამიერი ნათელი ასხივებდა...
შეგეძლო გეხატა დიდი ტილოები და ფრესკები, გეწერა ტრილოგიები და მატიანეები, შეგეთხზა სიმფონიები და საგალობლები... ყველაფერი მაინც ზღვაში წვეთი იქნებოდა. დარჩებოდი ვერმთქმელად მაინც...
შეგეძლო სადმე, მინდორში ამოსულიყავი ყვავილად, გეცქირა სადად მზისთვის... მაინც მერე ან გაგსრესდა ჩექმა, ან, უბრალოდ, შეხმებოდი ღეროზე და მტვრად მოგფანტავდა ქარი... ვერსად გაექცეოდი ყვავილის ბედს.
შეგეძლო ყოფილიყავი გამოქვაბულში დაყუდებული მართალი, გარიდებული სიცრუეს და ტკივილს... მაინც მერე დაგამძიმებდა მობარებული აღსარებები და გაქცევდა მტირალ ლოდად...
შეგეძლო ყოფილიყავი ძლევამოსილი დროშებით ტახტის ამღები თვით სამართალი... მერე მაინც ნელა, ნელა გამოხრავდა ნიადაგს შენი ტახტის ქვეშ უსამართლობა, ღალატი. სიცრუის ჭრელი გველები შემოგისრიალდებოდნენ ყოველი მხრიდან და დაგიწყებდნენ სისინს ახალ სიმართლეზე, დაგშხამავდნენ იმ ახალი სიმართლით, მოგიწამლავდნენ სისხლს და გაგიყენებდნენ შორ გზას, რომელზეც მეფენი იქცევიან მწირებად და მასხარებად...
ჰო! შეგეძლო ყოფილიყავი მასხარაც! გეცინა ყველაფერზე და საკუთარ თავზე, გევლო ხელებით და ტაში დაგეკრა ფეხებით, პეპლების საჭერით გეჭირა ბოროტება და სიცილის ცრემლებით გეტირა... ბოლოს მაინც სევდა აგატირებდა და ნიღაბს უკან დაემალებოდი ახორხოცებულ ბრბოს...
შეგეძლო ყოფილიყავი ოქროს და ვერცხლის მონეტებით ჩამოსხმული კეთილი ქანდაკება, გევლო და გევლო და გეფრქვია წყალობა და კარს მომდგარი ყველა უპოვარიც შეგეშვა შენი სულის მოოქრულ სასახლეებში და გებნია მუჭობით და ტომრობით თვალი პატიოსანი... ბოლოს მაინც გაიშვერდი თვითონ ხელს და ითხოვდი ნუგეშის და უანგარო სიყვარულის გროშებს...
საინტერესო იყო. ცოდვილთა თავშესაფარში ყველაფერი ძველებურად რჩებოდა. სოდომ-გომორებიც ხურდა ბილწი ვნებით, გოდოლიც ყაყანებდა, ახალი იაკობები ეჭიდებოდნენ ღმერთს, ქვრივებიც ბოლო გროშებს სწირავდნენ უფალს...
პირველსავე ნისლიან საღამოს, პირველსავე ხიდზე ცალფეხა მათხოვრის ფიქრებს უსმინა.
“გადავვარდები და დავისვენებ, მაგის... _ ფიქრობდა ნისლში გამლღვარი, გაცრეცილი ლანდი. სველ მოაჯირს გადამხობილი, წერასატანილად გაბედული, _ არააა, თევზებო? ჯიგრებო?!..
არადა, ამდენი ხურდა არასდროს მომიგროვებია, მაგის... სამი მუჭი იქნება. მეტი! წავსულიყავი, ცხელი მეჭამა რამე. არაყიც ზედ. ამოიყრება, წავა ფსკერზე...
თევზებოოოოოოო! 
ფულები გინდათ, ჯიგრებო? რაში გინდათ, რა! არ გკიდიათ?!
ბედნიერებოო!!
ამ კასტილს რა ვუყო კიდე! დავტოვო თუ ამიანა... ფუი! იქაც ამით რო ისა! 
ოეეეეეეე!!!!!! კალმახებო-ორაგულებო-ზვიგენებოოო!!! კასტილიანა დამხრჩვალი გინახავთ, ჯიგრებოოო?!
ჩემ ადგილზე ეგრევე ქოსა დადგება! ისე მოსწონს, გეგონება ისა...
დადგეს, რა! მაგის მერე სხვა დადგება. იმის მერეც. მათხოვარი არ დაილევა. არც უნდა დაილიოს! ღმერთმა ეგრე დააწესა. მათხოვარი რომ არ იყოს, ღმერთი სხვებს როგორ გამოცდის? ვინ კეთილია, ვინ _ ისა...
გაიგეთ, ჯიგრებო? საჭირო ხალხი რო ვართ, გაიგეეეთ?!
ღმერთმა იცის კიდე, რომელი მეტი მათხოვარია! 
მე რო იმათ კაპიკებს ვთხოვ ხელგაშვერილი, რა, ისინი არაფერს მთხოვენ?! Mმთხოვენ რომელია! ეგენი მთხოვენ, თუ მთხოვენ... ცოდვების პატიებას! კეთილი კაცის სახელს! სამოთხეს! სასუფეველს ხუთ თეთრში!
მე რატო მთხოვენ, ჯიგრებო? 
სსსსსსსსსსს! ხმა! 
ცოტათი ღმერთი ვარ და იმიტომ!
ღმერთმა არ თქვა, მათხოვარს ვინც წყალობას აძლევს, მე მაძლევსო? მერე?! რა გამოდის?! ტვინები გაანძრიეთ, თქვენი!..
მაგრამ დავიღალე... კაცობითაც და ღმერთობითაც... აღარ მინდა!
გაააადმოვეშვა ახლა! თხლააააშ! დაგიხეთქოთ გულები!
მათხოვრები თქვენც გყავთ? თევზი მათხოვრები...
ეს რას დამდგარა, ნეტა! გეგონება, მისმენს, მაგის...
ჩემი მთელი ოქრო-ვერცხლი ხო არ დავუტოვო? სიფათზე ეტყობა, არ ულხინს... ვუანდერძო სამი მუჭა ხურდა, მაგის...”
_ არ მინდა შენი ოქრო-ვერცხლი, _ სანდრო ნელა მიუახლოვდა, _ არ მინდა შენი სამი მუჭა ხურდა. შენი ფიქრები მეტი ღირს. კარგად ფიქრობ. რატომ უნდა მოკვდე... იფიქრე ჯერ ეგეთები...
_ შენ რა, ღმერთი ხარ?.. გადაცმული? _ მოაჯირს ხერხემლით აეკრა ცალფეხა. 
_ მე რა ღმერთი ვარ... ახლა არ ფიქრობდი, მე ვარ ცოტათი ღმერთიო? მე უბრალოდ... ეეეჰ! ეგ გრძელი ამბავია... წადი რა, ცხელი რამე ჭამე კუთხეში... არაყიც ზედ! ცხოვრებაზე იფიქრე... 
_ ღმერთი... _ დაიჩურჩულა ცალფეხამ. უკან-უკან დაიხია, ბინდს შეერია. მერე ჰყვებოდა ოხშივრიან სარდაფებშიც, აქოთებულ მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, ყველგან, _ ღმერთი გამომეცხადა ხიდზე, თავი არ მომაკვლევინა, მითხრა, წადი, არაყი დალიე კუთხეშიო... უსმენდნენ, იცინოდნენ, ხარხარებდნენ, კიდევ აყოლებდნენ. 
საინტერესო ტანჯვა იყო. სანდრო ფიქრების გაუვალ ტყეებში და უსასრულო ტრამალებზე მოგზაურობდა, ფიქრების ზღვებზე ცურავდა, ფიქრების კრატერებში და ჯურღმულებში იჩეხებოდა, ფიქრების მწვერვალებს დაჰფრენდა თავს...
პირველსავე გამზირზე რევოლუციის ეიფორიაში აღმოჩნდა. 
როგორც ნაფოტი, ისე გაიტაცა ნიაღვრებად დადენილმა ხალხმა. ადიდებული მდინარე დემოსი დამანგრეველ სტიქიად ქცეულიყო, შეუფერხებლად არღვევდა გზადაგზა ჯებირებად აღმართულ პოლიციელთა კორდონებს, ბარიკადებად ჩახერგილ მანქანებს, თანდათან ღონივრდებოდა ყოველი მხრიდან მოერთებული შენაკადებით, გუგუნით მიიწევდა წინ, წინ, სანამ გამომწვევად დიდ მოედანზე არ ჩაიღვარა და წამებში არ დატბორა იგი. 
იქ, სახელდახელო ტრიბუნაზე, მიკროფონი ღაღადებდა. მდინარე ნდობის და იმედის გატრუნულ ზღვად იქცა...
მრავალი ათასი ერთნაირად აღფრთოვანებული, ერთნაირად მინდობილი, დაუეჭვებელი ფიქრი გადაედო. თავი რაღაც დიადი, ბრწყინვალე ერთობის ნაწილად იგრძნო. ღრმად, ღრმად შეცურა სამართლიანობის ქარიშხლებით ნაკვებ ტალღებში, თვითონაც ერთ მართალ, კრიალა ჭავლად იქცა და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა საკუთარ თავს, როცა ამ ერთგვაროვან რწევაში რაღაცას ისე შეეჯახა, როგორც კლდოვან კუნძულს, ალესილ რიფს.
ეს იმ კაცის ფიქრი იყო, ოდნავ განზე მდგომის, თვალებიდან შეკავებულ ცრემლს რომ ასხივებდა.
“ტყუილია! მორიგი ტყუილია! საბრალო ჩემო ხალხო, ჩემო ჭრელო და ახლა ერთფერო... ჩემო ბრძენო და ახლა ბრიყვო... კიდევ რამდენჯერ უნდა წაგლეკოს ცრუმესიათა სიცრუემ! კიდევ რამდენჯერ უნდა იქცე ხან დამარცხებული გამარჯვებულების, ხან გამარჯვებული დამარცხებულების არმიად! საბრალო ჩემო ქალაქო! კიდევ რამდენჯერ უნდა დაგტბოროს სიყალბემ!..”
სანდრომ თვალი თვალში გაუყარა კაცს და მიახალა:
_ ხალხი არასდროს არაა ბრიყვი! სიჭრელესაც მაშინ კარგავს, მაშინ ხდება ერთფერი, როცა საჭიროა! არმიადაც საკუთარი ნებით იქცევა!
კაცს ოდნავ გაეღიმა.
_ ასეთი ჯაშუშების მომზადებაც დაიწყეს უკვე?
_ ჯაშუში არ ვარ. უბრალოდ, სხვისი ფიქრები მესმის...
_ თანაგიგრძნობთ, _ თქვა კაცმა.
_ აქ ყველა ერთ ფიქრს ფიქრობს ახლა. სიმფონიასავით შერწყმულად. ეს დიდი სილამაზეა, _ სანდრომ ხალხს გადახედა.
_ მაშინ ორკესტრს თავი დაანებეთ და დირიჟორის ფიქრებს მოუსმინეთ! _ კაცმა ტრიბუნისკენ გაიქნია თავი, საიდანაც, როგორც მდინარე ზღვაში, ისე ჩაედინებოდა სიტყვათა ნიაღვარი იმედიანად ჩაყუჩებულ, თვალებანთებულ ხალხში. 
სანდრო უხმოდ გაეცალა კაცს. ტრიბუნისკენ გაიკვლია გზა. სულ ახლოს, სულ ორ ნაბიჯში დაუდგა ორატორს, რომელმაც პირველივე პაუზისას გაიფიქრა: “მორჩა რა! მგონი, ეყოფათ!” და იქვე მდგომ თანამეტრიბუნეს გადახედა. თვალებით გაისაუბრეს. იმან შეკავებული ხარხარი ოდნავ ღიმილში ჩატია და თავისთვის გაიფიქრა: “საკაიფოდ დააბოლა! კლასიკურად! რა ცხვარია მაინც ხალხი! რა ცხვარია, ჩემი... სიტყვა მოარგე და მზადაა, რა!” “აბა, რას იტყვი, ვის მისცემენ ხმას?!” _ განაგრძო პირველმა, მეორეს კი უცებ რაღაც ქვემძრომი გაეკლაკნა მზერაში და გაიფიქრა: “ჯერ მიდი, იქაქანე, ჯერ მჭირდები!” 
სანდრომ სიტყვა ითხოვა. საზარელი საიდუმლო ერთიანად აცახცახებდა. 
ახედ-დახედეს, ვერ შეიცნეს, იჭოჭმანეს, წაითათბირეს და მიკროფონთან მიუშვეს. 
ღელავდა. თვალწინ ადამიანების ოკეანე გადაეშალა. მარტივ და საშიშ ერთგულებაში გაყუჩებული, ფხიზელი, გაფაციცებული მოლოდინით გატრუნული. ყოველგვარი უცხო სხეულის დაუნდობლად შთასანთქავად მზა. 
სანდრომ მოსხლეტით ამცნო:
_ ტყუილია! ეს ყველაფერი ტყუილია! _ და მღელვარებისგან შეკრული სუნთქვა ოდნავ დაიოკა. 
ოკეანე წამით სულ გაუძრავდა, გაირინდა და მერე მყისვე აიშალა.
_ გაათრიეთ!
_ ვინ ოხერია! 
_ მოგზავნილია ვიღაც!
_ გახიეთ ცემაში!
_ პროვოკატორი!
სანდრომ ხმას აუწია:
_ დამიჯერეთ, ხალხო! მე ფიქრები მესმის! ამათი ფიქრები გავიგონე! დამიჯერეთ!
ლიდერი ორატორი შემწყნარებლურად იღიმებოდა. 
_ ამან... აი ამან, _ ხელი მისკენ გაიშვირა სანდრომ, _ მორჩა, ეყოფათო, ასე გაიფიქრა! თქვენზე, ხალხო! ისედაც ჩვენ მოგვცემენ ხმასო!.. და აი ამან... ამან...
_ რაო, მე რაღა გავიფიქრე, დიდო მისანო! გვაუწყე! _ სიტუაციას სხვა გეზი მისცა მეორემ, აჯამბაზდა.
_ შენ, შენ გაიფიქრე, რომ ცხვარია ხალხი! რომ გასაღები უნდა მოარგო და მორჩა! წაიყვან საითაც გინდა! რაო? არა? ასე არ იფიქრე?! მე ფიქრები მესმის! ეს ჩემი უბედურებაა! 
ლიდერ-ორატორმა მსუბუქად, სანდროსგან ვითომ ფარულად დაიტრიალა საფეთქელთან საჩვენებელი თითი და გაიღიმა. გაიღიმეს ირგვლივაც. მერე ვიღაცამ გაიცინა. ჯერ კანტიკუნტად აჰყვნენ. მერე აგორდა სიცილი, ოკეანე ათახთახდა, დაუნდობლად, გამწირავად.
“სიტყვასიტყვით ეგრე იყო, _ ფიქრობდა შეშფოთებული, ნაძალადევად მოღიმარი ორივე ლიდერი, _ ვინაა, საიდან გამოტყვრა!”
შეუმჩნევლად მოვიდა სასწრაფო და გაფითრებული სანდრო ფსიქიატრიულში გააქანა.
იქ გავიდა სავსე მთვარეებით განათებული თვეები. 
კედლებზე კაცობრიობის გარდასულ გმირთა ლანდები დაბორიალობდნენ, ღამეულ სიჩუმეში შორეული ჩურჩული, ბუტბუტი და ცრემლიანი კვნესა მოჟონავდა... ზოგჯერ კი მაკარონის სუპების და მტკივნეული სიზმრების მწკლარტე ანაორთქლით სავსე დერეფნებს განწირული, ველური ღრიალიც გადასერავდა ხოლმე, შეშინებულ, დაფეთებულ პალატებში ნაწილდებოდა და რჩებოდა იქ საწოლების ქვეშ, ბალიშებში, ღამის სიბნელეში მოელვარე, დაჭყეტილ თვალებში...
ფიქრები იქაც იყო. 
“მე ვარ ფლეიტა! მე ვარ ლა-ლა-ლააააა... დაუკარით ჩემზე...”
“იმას მოვკლავ! ღღღღღღ! იმასაც მოვკლავ! იმასაც! ღღღღღღღ! ეს ვინაა! ამასაც!”
“თუ შეიძლება, ყველამ ნეფერტიტი მიწოდეთ! ოღონდ არ მომეკაროთ! არ მომეკაროს არავინ! არ მომეკაროს არავინ!”
“მომიტანენ ვალს, გავისტუმრებ პენსიას! სინუსპენსია, კოსინუსპენსია, ტანგენსპენსია, კოტან... მომიტანეთ, შვილო, ვალი! გავისტუმრო პენსია!”
“ჰე მამულო! ოდეს გიმზერ! ოდენ გიმღერ! მონა შენი... შენ როსღა აყვავ... აყვავ... აყ... აყ...”
“დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ...”
ერთხელ ლიდერთაგან ის, მზერაში ქვემძრომგაკლაკნილი, ესტუმრა პალატაში, თანამშრომლობა შესთავაზა, დიდი ფული. რა აღარ. სულ ამაოდ.
მერე კი ერთ დღეს სანდრომ წარმოუდგენლად მიუწვდომელი და ამოუცნობი ფიქრი გაუხმოვანა მკურნალ ექიმს. მანაც, შეძრულმა და დარცხვენილმა, დაუყოვნებლად ცნო ტელეპათიის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად, გარეთ გაუშვა და შეატოვა დიდ კითხვის ნიშანს, _ სადაა ჭეშმარიტი საგიჟეთი...
სანდრომ თავისუფალი, ყოვლად ადეკვატური ნაფაზი დაარტყა და ქუჩას გაუყვა. 
საზღვარგარეთ გადაკარგვა მოუვიდა აზრად. სადმე იქ, სადაც უცხო ენას ვერაფერს გაუგებდა. ვერც იმ ენაზე ნაფიქრს. აიტაცა ამ აზრმა. ანუგეშა. 
პირველსავე რაღაც ფირმაში, საიდანაც ხავსსჩაჭიდებულ ადამიანებს საზღვარგარეთ გზავნიდნენ სამუშაოდ, კინაღამ კაცი მოკლა...
ის კაცი ხან “სირტაკივით” რიტმულად სხეპდა დაპირებებს, ხან შტრაუსის ვალსივით თავბრუდამხვევად, ხან ბრაზილიურ “სამბასავით” ეგზოტიკურად... ხან ინგლისური ღირსეულობით, ხან გერმანული სიზუსტით, ხან ფრანგული მომხიბვლელობით... იმის მიხედვით, ვის სად უშვებდა.
საბუთებს, პასპორტებს, სისხლის ბოლო წვეთივით გაღებულ დოლარებს კონვერტებში დებდა, უჯრაში ალაგებდა და მშვიდად იღიმებოდა. უფრო _ ქალებისთვის.
_კომპიუტერს ფლობთ? _ ეკითხებოდა, _ რომელ უცხო ენას? ექთანი ხართ? დიდებულია. ძიძად? კი ბატონო! რასაკვირველია! მზარეულად... მმმმ... მზარეულად ცოტაQ ჭირს, მაგრამ მე დიდი ნაცნობობა მაქვს. რამეს მოვახერხებთ. აჰა, აჰა, დიახ, ბარში დაუკრავთ ჯაზს, აჰა, პიანინოზე. გასაგებია. მშვენიერია. 
“შენ რა საძიძო ხარ, ოქრო! _ გაიფიქრა მერე ზეთოვანად, _ ნახე, რა ძუძუები გაზის! ერთ-ორ თვეში შენგან პუტანკას დააყენებენ, იმის დედა... სტამბოლიდან ტრაპიზონამდე დაგიდგეს რიგი! შენც, ოქრო! ექთნობა არა, ჩემი ისა! სტრიპტიზისთვის ხარ გაჩენილი, შენი! მაგ კოხტა უკანალს რო მიგაშვერინებენ ბარში, გაგიჟებული კაცებისთვის, შავ ტანგაში გამოდებულს, მერე გაიხსენე შენი ექთნობა! მაყუთი რო წამოვა კოკისპირული! მაგ უკანალის მაგარი იმედი მაქვს, ოქრო! დაიცა შენ!.. 
იქამდე ჩაგათრიოთ და მერე სდიეთ პასპორტებს! ბორდელებში სხვა პასპორტები დაგჭირდებათ, კუკლებო! ის პასპორტები გქონდეთ წესრიგში და...”
სანდრო შეშლილივით წამოიჭრა და ეგრევე ყელში სწვდა.
_ ნაბიჭვარო! შე ნაბიჭვარო! _ ხრიალებდა და თავს მაგიდაზე არახუნებინებდა კაცს, _ შენს ცოლს აცეკვე სტრიპტიზი! ცოლს ააშვერინე უკანალი, შე ნაგავო!! შენი დედა...
15 წუთის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში საგანგებოდ გამოყვანილი ჯიშის ჯეელები ზუსტ წერტილებში უბაგუნებდნენ.
მერე ოცკაციან საკანში გაატარა უმზეო, უმთვარეო და კიდევ უბევრრაღაცო წლები...
ფიქრების მეტი რა იყო! 
“აქედან გავიდე, მაგას მოუ... მაგას? მაგის სისხლს დავლევ!.. მოვკლავ მაგ, მაგ...”
“ქალლი! ქალი მინდა! ლამაზი. მახინჯი, ზანგი, კოპლებიანი, სულერთია! ქალი იყოს, მაგის... ქალლლიიუუუუუააააუუუუხხხხ!”
“გავალ, ეგრევე სოფელში ავალ... დავეგდები მდინარის პირას... ეგრე ვეგდები! სამი დღე! ერთი კვირა! ჩიტები იჭიკჭიკებენ. ცა იქნება. რამე...”
“ასი წელი არ ვაღიარებ! ვერც მიაგნებენ ასი წელი! მე ვიცი, რა და როგორ... მე ვიცი, დანა რა რბილად წავიდა... მე ვიცი, ბოლოს როგორ შემხედა...”
ფიქრების ფოსტალიონობა რომ დაეწყო, ფული შეეძლო ეშოვა. დიდი ფული, მაგრამ მხოლოდ დიდი სევდა იშოვა.
ცდილობდა, დაეგმანა ყველა ნასვრეტი, საიდანაც მის თავის ქალაში სხვათა ფიქრები ნემსებივით ჩხვლეტია ქარებად იჭრებოდა. ცდილობდა, მდუმარე მარტოობა მოეპოვებინა. ამდენი ფიქრის ალყაში თვითონ ვეღარ ფიქრობდა. მსმენელად იქცა.
ფიქრის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც ოცკაციანი საკანი თანდათან დაცარიელდა, რაც თანდათან იკლო ოფლის, საპირფარეშოს სუნმა, ხვრინვამ, “ბალანდის” გულისამრევმა ოხშივარმა, გინებამ, ყაყანმა.
სათითაოდ გადააბარგეს სადღაც. რემონტი იწყებოდა. 
სანდრო თითქოს მიავიწყდათ. ისიც მარტოობას მინებდა, მოეშვა.
გისოსიან სარკმელში ცის ნაგლეჯი მოჩანდა. იქ ფილმი გადიოდა. დაუსრულებელი სერიალი, სახელად “რაც იყო”... ფილმს ხან წვიმის ვერცხლისფერი ფარდები ედებოდა ფონად, ხან თოვლის ჩუმი სტუმრობა, ხან ვარსკვლავთცვენა, ხან ქარის სიგიჟე, ხან მზის ცხელი ალერსი.
გარეთ ხან მოშიმშილეთა, ხან დამშეულთა აქციები აწყდებოდა გაუმტარობას, როგორც ბუზი მინას, _ ჰაერის შეუვალ ფენას... გარეთ ხან ამა სოფლის მაძღარნი ქადაგებდნენ მსუქან მოძღვრებებს სისადავის სიკეთეებზე... ხან მექორწილეები ჩაიპიპინპიპინებდნენ, ჩქარები, მოუთმენლები... ხან უცებ სიკვდილი ჩამოივლიდა, მიასვენებდნენ ვინმეს, მიაცილებდნენ დროის ნაგლეჯს მარადისობაში...
გარეთ დრო გადიოდა. 
სანდრო ფიქრობდა, რომ ციხე გარეთაა. რომ გარეთ ყველა დროის პატიმარია. სიცოცხლეები საათის ისრებს დაჰყვება. გარეთ ხან ადრეა, ხან გვიან. ხან უკანმოუხედავად გაურბიხარ დროს, ხან ის გაგირბის, გათამაშებს... 
გარეთ დრო ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ყოვლისშემძლე ნათლია. მისია ვენდეტაც და ომერტაც. ჟამია ხან რის, ხან რის...
სანდრო ფიქრობდა, რომ დაღალა მაჯაზე ცქერამ. აბა, რა არის მაჯაზე ცქერა? _ “სიყვარულს აკლია 15 წუთი!” “სიკვდილის 10 წუთია...” “ბედნიერების ნახევარია...” “ზუსტი იმედგაცრუებაა...”
ფიქრობდა, რომ დიდი დრო გაატარა დროში. რომ უდროობის დროა უკვე.
ზოგჯერ ფრენდა. უფრო მაშინ, როცა გაზაფხულის მალემსრბოლი ქარები დაქროდნენ გარეთ და რაღაცას, ძალიან ამაღელვებელს იუწყებოდნენ... როცა ნათელჩამდგარი ღრუბლები დიდ მდინარეებზე დაძრული ყინულებივით მიცურავდნენ, მათ ზევით კი ლურჯად გუბდებოდა მარადისობის სივრცეები და სიღრმეები... ვისთვის _ ზეციური სასუფეველი, ვისთვის _ კოსმოსი, სინათლის წლები, ვისთვის _ ღმერთი...
ღმერთობა მოუნდებოდა ხოლმე. ამდენი ფიქრის მცოდნე გულთამხილავად მიიჩნევდა ხოლმე თავს. ბევრი რამ იცოდა. მეტისმეტად ბევრი. 
იცოდა, რა იმალებოდა შეუვალი, ცივი მზერების და მოზომილად გამოცრილი ხმების უკან. იცოდა, როგორ ეხვეოდა სიცრუე სიმართლის შარავანდედში, როგორ იძერწებოდა სიბრიყვისგან სიბრძნე, როგორ თამაშობდა სიკვდილი უკვდავებას და ეშმაკი _ ღმერთობას...
ადამიანურ გრძნობათა სალაროდან ნდობა სასაცილოდ ზედმეტ განძად ეჩვენა. უნდობლობის ამარა დარჩა. 
მოსწონდა ხანდახან ღმერთობა. ცურავდა და ფრენდა სადღაც, ყოვლისმცოდნეობის მზეებში, კარგავდა სხეულს, დაჰყვებოდა უკვდავება, თავისუფლება, სიბრძნე. 
ზემოდან მოჩანდა ღრმა, ჩასაფლობი ნისლები და გულისამაჩუყებლად ცოდვილი დედამიწის სიგლუვე. 
იქ დარჩენილიყო მობეზრებული და ნანატრი წვიმები, უბიწო და შერყვნილი თოვლები, ნაცნობი და უცნობი ქარები, განცდილი და განუცდელი სიყვარულები და სიძულვილები...
ზემოდან მოჩანდა ისიც _ სამშობლო. წყლის და ხმელეთის უსასრულობაში ჩაკარგული პატარა, აკვიატებული წყალი და ხმელეთი... ის ჩაძირულიყო მწიფე ყანების, მთვრალი ვენახების, მსუყე საძოვრების მკვრივ სურნელში, კრისტალებივით ნაკვეთი კლდეების და ხუჭუჭა მთების ჩრდილებში, მდინარეების, ტბების და ზღვის უძირობაში... საკუთარ ერთადერთობასა და განუმეორებლობაში. 
ხალხი იყო. ხან ჭრელი, ხან ერთფერი. ხან დამაქცევარის, ხანაც ასწლეულებში ერთი მესიის მშობელი, ხან დიდგულა, ხან დიდსულოვანი, ხან ჯვარზე გამკვრელი, ხან გარდამომხსნელი. ერთად _ ხალხი. ცალ-ცალკე _ ადამიანები. მათი ფიქრები ნისლად ადგა თავს ბებერ მიწას...
ღმერთობა ადვილი არ იყო. იღლებოდა სანდრო ღმერთობით. არც მოთმინება ჰყოფნიდა, არც სიყვარული, რისხვა და მიტევება... ადამიანობას ნატრობდა, არცოდნის და მინდობის სიმშვიდეს.
ერთ ჟანგისფერ საღამოს ციხის კედლებით ალყაშემოვლებულ ეზოში ასეთ ფიქრს გადააწყდა: “არაფერი შემეშალოს! გავიმეორო... ოთხ საათზე დაცვა შეიცვლება, ხუთის ათ წუთზე ნიშანს მომცემენ, ხუთის თხუთმეტზე სამრეცხაოში გამიყვანენ. ხუთის ნახევარზე მანქანა დადგება. უკანა კარს გავაღებ და...”
_ მეც შენთან ერთად წამოვალ, _ უთხრა სანდრომ, _ აქ ვეღარ დავრჩები. გარეთ მინდა.
_ სად წამოხვალ, ტოო?!.. _ თავი მოისულელა იმან.
მაშინ სანდრომ სიტყვასიტყვით გაუმეორა, ოთხზე რომ დაცვა შეიცვლება, ხუთის ათ წუთზე რომ ნიშანს მისცემენ, ხუთის თხუთმეტზე რომ სამრეცხაოში გაი...
_ არ გამთქვა! _ შეევედრა ის, _ ბაზარი არაა, ერთად მოვხიოთ! მაგრამ... ვინ ხარ, ტოო? 
_ არავინ, _ თქვა სანდრომ.
ყველაფერი გეგმის მიხედვით აეწყო. 
გარეთ გაზაფხულის გუბეები იდგა, შიგ ჩანდა გაგლეჯილი ღრუბლებიდან თავდაღწეული სილურჯე და თავისუფლების ქარს შორეული ატმის ყვავილები მოჰქონდა...
პირველსავე მოსახვევში სანდრომ მეძავი შეიყვარა...
ქალს უმოკლესი ჟოლოსფერი ქვედაკაბა და შავი ქურთუკი ეცვა. თმა კეფაზე აეკრა და შიგ ქარსმოყოლილი ატმის ყვავილი გაებნია. თვალებში მეძავური სევდა და გულგრილობა ედგა. ჟოლოსფრად შეღებილ თხელ ტუჩებს კი ამოუცნობი ღიმილი უმშვენებდა. რომელიღაც დავიწყებული ზღაპრის გმირს ჰგავდა...
_ რატომ იღიმები... _ ჰკითხა სანდრომ, რადგან ქალის ფიქრი აფრენას აგვიანებდა.
_ ისე მიყურებ, თითქოს ნახატი ვიყო გალერეაში, შედევრი რაღაც, _ თქვა იმან და უცებ მოიწყინა, გასაცოდავდა.
_ ხარ კიდეც, _ თქვა სანდრომ. 
ერთმანეთს ისე უყურებდნენ თვალებში, თითქოს რაღაც ენით უთქმელი, მისტიკური აღმოაჩინეს. 
_ შენ რა, არ ფიქრობ? _ ჰკითხა ბოლოს კაცმა. ქალის ფიქრების შეუღწეველმა იდუმალებამ გული აუჩუყა, სიმშვიდით აავსო. მოეჩვენა, რომ ის დაიბრუნა _ მარტივი ადამიანური ბედნიერება! ნეტარი უმეცრება! 
ქალი უხმოდ გაუყვა ქუჩას. სანდრო მოჯადოებული ჩრდილივით მიჰყვა. 
არ უწყოდა, რას ფიქრობდა ეს დაცემული ანგელოზი და არც სურდა სცოდნოდა! მსუბუქი და ბედნიერი მიაბიჯებდა ახლად ქცეულ რაღაც ძველში.
მერე ქალს დაეწია. უცნაური მადლიერება ცრემლად ებჯინებოდა ყელში. 
_ გინდა, გინდა, ერთად ვიცოცხლოთ? _ ეუბნებოდა გზადაგზა, _ ერთად დავბერდეთ, ერთად მოვკვდეთ... სიკვდილის მერეც გვიყვარდეს ერთმანეთი... მითხარი, გინდა? ოღონდ... ოღონდ ასეთი იყავი. კარგი? ასეთივე. სულ. ფიქრებს ნუ წამაკითხებ! ფიქრებს ნუ წამაკითხებ... აღარ მინდა. ძალიან დავიღალე...
მიდიოდნენ. 

ქუჩა მინდორმა შეცვალა, მინდორი _ რბილმა, სურნელოვანმა მიწამ... მიწა _ ქათქათა ღრუბლებმა, საღამო _ დილამ... გაზაფხული _ ზაფხულმა... წელიწადი _ მეორემ, სიცოცხლე _ სიკვდილმა, სიკვდილი _ სიცოცხლემ...


.

Комментариев нет: