пятница, 29 мая 2009 г.

ზვიად რატიანი

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა,
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით
ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

четверг, 7 мая 2009 г.

Rati

მე...
მე რა თქმა უნდა ისევ მარტო ვარ...
ტაძრებს,
ქარი გუმბათებს აძრობს.
ძილი...
ძილი ძალას მე საგრძნობს
მაძლევს და მანძილს ხანგრძლივს
ვიდრე დავძლევდე
მაცნობს...
ტაძრებს...
ქარი გუმბათებს აძრობს.
შენ...
შენ რა თქმა უნდა ისევ არ გესმის,
არა,
ხმა და ტკივილი ჩემი...
ჩუმი...
არ გრძნობ!

გიორგი საჯაია

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, 
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. 
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! 
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! 

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე 
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). 
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... 
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. 

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, 
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. 
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... 
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. 

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა 
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... 
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან, 
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... 

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - 
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, 
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, 
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით

გიორგი ზანგური

მაქვს უცისფრესი ნაღველი, უიშვიათეს ღამიდან,
მყავს ნაგოდები ოცნებით აზრში მოკლული საცოლე
და მე არ ვიცი ამხელა მარტოობაში რა მინდა,
გაჟღენთილია ცრემლებით მთვარენალეწი საწოლი.

გამიწყდა ყველა ფერადი ურთიერთობის ძაფები,
არის მტანჯველი სიჩუმე და მე არსაით მელიან,
საფლავში გამოღვიძებულ კაცივით დავიძაბები,
როცა ოთახში სხეულებს ჩრდილები ემალებიან.

დავიმეგობრე ვარდები _ ჩემი გამხმარი ტრაური,
ყველა სურვილი დამეწვა, ყველა სურვილი ალშია.
სევდის აღლუმზე გაისმის შეძრწუნებული ხმაური,
უკანასკნელი აკორდი ჩემი ნერვების მარშია...

ნისლის ზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები,
სადაფისფერ ღრუბლებშია მზის ბაჯაღლოს მონეტა.
ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით,
გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა.

ბამბის თეთრი კლავიშებით გაღიმებულ როიალს
ტუჩებს ძილში დავუკოცნი მკრთალ თითების ბალიშით,
ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს,
სურვილები ამიტაცებს შენთან ყოფნის გარეშე.

ჩემი გულის ფეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია
უშგულიდან ჯიხვის რქები როცა მთვარეს ენაცვლება,
ღრუბელს ჭმუჭნის ვიწრო ზეცა მზე რომ გაუმეტებია
შენი კოპის დაბღვერად და ემოციის შენაცრებად.

გადის, გადის უსასრულო წუთის, წამის საუკუნე,
საათბოთ ბაგეებზე უკოცნობა იფარება,
ვარსკვლავების დათვლილ სიას შუაღამეს დავუბრუნებ,
რომ მიყვარდა სიჭაბუკის მოწყვეტილი მიბარება.

ავახლიჩე დედამიწას მელნისფერი ოკეანე
და ნიღაბი დავამზადე _ გამჭვირვალე ტრაგედია,
მერე შენი სიზმარეთი ფეხშიშველმა მოვიარე,
თითქოს ჩემი წარმოდგენის უცნაური მაკეტია,

ავიზვირთე, ავიტალღე, ნაპირები დავარბიე,
ოქროს ქვიშა დაგისველე _ ცხელი მკერდი, პირამიდა,
ატმოსფერო კოსმოსამდე თითის აკვრით გავარღვიე,
ახლა შენი სიახლოვე _ ატმისფერი დილა მინდა.

შოთა იათაშვილი

არიან ქალები - უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები - ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები - ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები - ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები - ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები - გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები - ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცის ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები - ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ;
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები - რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები - ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები . . .
და არიან კიდევ ქალები - პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები - ტკივილები
''თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით,''
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თვალები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები,
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები - ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - ტოლჩები, ქალები - კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - მყუდრო ოთახები
და ის ქალები სუყველანი,
რომლებიც ''უბრალო'' ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები,
ძალინ დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული
პირღია ჭრილობებით,
ქალები - პოეტები,
ლურჯი ზმანებებით
და ''ყელზე გამობმული ღუზით,
რომელიც ზღვაში გახრჩობთ,''
ქალები - პოეტები, რომელთაც ასე ძალიან
მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!

გიორგი ზანგური

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი..........

გიორგი ზანგური

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,

კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა

გვირილა კანჭებზე გაკოცებს,ღმერთმანი

შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ...

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,

ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის

მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება

და გვაინ მიხვდები ძვირფასო რაც გელის...

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი.

ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს

რა ვნებიანია თან ქარი მაისში

არ იცი?! მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის....

ეგ ყელი მაღალი როგორმე დამალე,

იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს

თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს

მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს....

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,

ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს

თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა

რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო...